ლიმინალობა ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა შ ი (ლიმინალური − ლათ. limen − საზღვარი, მიჯნა ორ იზოლირებულ ერთმანეთს დაშორებულ ადგილს შორის), მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგული პოზიტიური ანთროპოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი არნოლდ ვან გენეპი წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებში მუდმივად მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვებამ მიიყვანა ე.წ. სოციალური ტრანზიტულობის აღმოჩენამდე, რ-საც Rites de Passage (გადანაცვლების რიტუალები) უწოდა. გენეპის თეორიის თანახმად, ყოველ კონკრეტულ სისტემაში არსებული ენერგია ადრე თუ გვიან იკარგება, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში ხელახლა აღდგება და განახლდება. შესაბამისად, გადაადგილება ანუ ტრანზიტულობა (იგივე Rites de Passage) თანამდევია ნებისმიერი ტიპის ცვალებადობისა, იქნება ეს ტერიტორიული, სოციალური, ასაკობრივი თუ სხვა. ვან გენეპმა Rites de Passage-ს სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით შემოიტანა ტერმინები `პრელიმინალური~ და `პოსტლიმინალური~, რომელთაგან პირველი გულისხმობს წინარე სამყაროდან გამოყოფა-იზოლაციას (ტრანზიტულობის პერიოდი), მეორე კი _ ახალ სამყაროში შესვლასა და მასთან შერწყმას. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი სამი ფაზით ხასიათდება: 1. გამოცალკავება, გამოყოფა, ანუ სეპარაცია; 2. მარგინალობა, ანუ ლიმინალობა; 3. გაერთიანება, ანუ ინკორპორაცია.
თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ვან გენეპის თეორია სტრუქტურალისტური ანთროპოლოგიის სიბრტყეზე გადაიტანა ვ. ტერნერმა, რ-ის შეხედულებითაც, ლიმინალურობა გულისხმობს ტრანზიტულობას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არის გარდამავალი, შუალედური საფეხური ორ განსხვავებულ (სოციალური სტატუსით თუ სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი მდგომარეობით, ომით თუ მშვიდობით და ა.შ. განსაზღვრულ) მდგომარეობას შორის.
თუ ტრანზიტულობის პირველი ფაზა _ სეპარაცია არის გამოყოფა წინარე დროის, ადგილისა თუ მდგომარეობიდან კულტურულ ან სოციალურ კონტექსტში, ამ პროცესის ბოლო ფაზა, გაერთიანება, გულისხმობს დაბრუნებას სტაბილურ მდგომარეობაში, თუმცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად განსაზღვრულია, განსხვავდება წინარე ფაზისგან და წარმოადგენს მის ტრანსფორმირებულ, შეცვლილ მდგომარეობას. ლიმინალური ფაზა მოქცეულია საწყის სეპარაციისა და ფინალურ გამაერთიანებელ ფაზებს შორის. დროის ეს მონაკვეთი, რ-საც პირობითად `არც ის, არც ეს~ დრო შეიძლება ეწოდოს, ბუნდოვანია და გაურკვეველი. შესაბამისად, ინდივიდზე (ე.წ. ლიმინალურ პერსონაზე, რ-იც გაივლის Rites de Passage-ს) წარმოდგენა გვექმნება სახელისა და მთელ რიგ სიმბოლოთა მეშვეობით.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ლიმინალობის ანთროპოლოგიური თეორია შესაძლოა მიესადაგოს ლიტერატურულ მოდელებსაც. ი. რატიანის მოსაზრებით (ქართულ ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეში სწორედ მას ეკუთვნის პირველი ცდა ლიმინალობის თეორიის შეჯერებისა ესქატოლოგიური ანტიუტოპიის მოდელთან), ლიტ-რა თავისი არსითა და დანიშნულებით ლიმინალური ფენომენია, რადგან ასრულებს გარდამავალი ფაზის ფუნქციას ძალით მართულ დესტრუქციულ რეალობასა და წარმოსახვით გამომუშავებულ მიღმიერ კოსმოსს შორის; ლიტ-რა ასრულებს სატრანზიტო ეტლის როლს ძალისმიერ, ქრონოლოგიურად მოწესრიგებულ, ტექნოლ.-ბიუროკრატიული რეალობით შეზღუდულ სამყაროსა და რწმენით, თავისუფალი იდეებითა და ფანტაზიებით გაჟღენთილ სამყაროს შორის. შესაბამისად, თუ რეალური სამყარო ფიზიკური სამყაროა, ობიექტური სისტემა, რ-საც ახასიათებს სამგანზომილებიანი სივრცე, დრო, როგორც სივრცის მეოთხე კოორდინატი, და მოძრაობა, წარმოსახული სამყარო არაფიზიკური სამყაროა, სუბიექტური სისტემაა, რ-იც უპირისპირდება ობიექტურ სისტემას მარადისობის ონტოლოგიურად ალტერნატიული პრინციპის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ლიტერატურა, როგორც ლიმინალური ფაზა, ანუ შუალედური დერეფანი რეალურსა და წარმოსახულს შორის, ცხადია, ზედმიწევნით აირეკლავს ამ წინააღმდეგობას. ლიტ-რის, როგორც ლიმინალური მოვლენის, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ახალი რეალობის, ახალი სამყაროს, ახალი კოსმოსის შექმნა.
ლიტ.: გოგიაშვილი ნ., ვაჟა-ფშაველას რამდენიმე პოემის ქრონოტოპი ლიმინალობის თეორიის კონტექსტში, II საერთ. სამეცნ. კონფ. „კულტურათაშორისი დიალოგები", შრომები, 2013; ელბაქიძე მ., ვეფხისტყაოსნის ქრონოტოპი ლიმინალობის თეორიის კონტექსტში, ჟურნ. „კადმოსი“, [ტ.] 2, თბ., 2010; რატიანი ი. ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში, თბ., 2005; ჭიჭინაძე მ., ლიმინალობის საკითხისათვის მიხეილ ჯავახიშვილის „ტყის კაცისა" და „თეთრი საყელოს" მიხედვით, „გონი“, 2014, N2; Elbakidze M., Ratiani I., Shota Rustaveli’s Romance “The Knight in the Panther’s Skin in the Context of European Chivalric Romance: An Anthropological Approach. Georgian Christian Thought and Its Cultural Context. Vol.2. Leiden-Boston, 2014; Timothy L. Carson. Liminal Reality and Transformational Power, University Press of America, Lanham, New York, Oxford, 1984; Turner V. Betwixt and Between: The Liminal Period in Rites of Passage, The Forest of Symbols, Ithaca: Cornell University Press, 1967.
მ. ელბაქიძე