მახუნცეთის ჩანჩქერი, მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 30 კმ-ში, სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდ. ნაწილში, ზ. დ. 335 მ სიმაღლეზე, მესხეთის ქედზე, კლდეების სიღრმეში, მდ. აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. ის ჯერ პატარა შენაკადად მოედინება, შემდეგ 57 მ სიმაღლიდან ეშვება და აჩენს საკმაოდ მოზრდილ მორევს. ქედის ეს მონაკვეთი აგებულია პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით. მ. ჩ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი ჩანჩქერია საქართველოში. ჩანჩქერი იოლად მისადგომია, რადგან საავტომობილო გზიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. მისი დათვალიერება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.