ებსტორფის მსოფლიოს რუკა (Die Ebstorfer Weltkarte)(XIII ს.), შეიცავს ბევრ საინტერესო ცნობას კავკასიისა და საქართველოს შესახებ. სახელი ეწოდა გერმანიის ქვემო საქსონიის მხარეში მდებარე ებსტორფის მონასტრის მიხედვით, რ-იც XII ს-ში დაარსდა. 1235 (სხვა მოსაზრებით 1300 წლისათვის) აქ შეიქმნა მსოფლიოს რუკა, რ-იც შუა საუკუნეების დასავლეთევროპული კარტოგრაფიის შედევრად ითვლება. ავტორი უცნობია. მისი სიმაღლეა – 3,58 მ, ხოლო სიგანე – 3,56 მ. რუკაზე დატანილია 1200-მდე ლეგენდა. 1832 რუკა გადაიტანეს ქალაქ ჰანოვერში, ე. წ. „სამშობლოს არქივში", განადგურდა II მსოფლიო ომის დროს 1943 წ. 8–9 ოქტ. ჰანოვერის დაბომბვისას. რუკის ორიგინალური ზომის ასლი დაცულია იმავე ებსტორფის მონასტერში. ე. მ. რ-ის ზედა კიდეში მოთავსებულია მაცხოვრის თავი. მარჯვ. და მარცხ. მხარეს – ხელები, ქვედა ბოლოში – ფეხები. ქვეყნიერება მოიაზრება მაცხოვრის ჯვარცმულ სხეულად. რუკის განლაგება ტრადიციულად მისდევს შუა საუკუნეების მსოფლიოს რუკების მოდელს. ქვეყნიერებას შემორკალავს მსოფლიო ოკეანე ცალკეული კუნძულებით. რუკის ქვედა მარცხ. კუთხეში მოთავსებულია ევროპა; ქვემოთ, მარჯვნივ – აფრიკა; ზედა ნახ-ში – აზია. მთელ ჩრდ. აზიას ე. მ. რ-ზე შემოსაზღვრავს კავკასიის მთა. წარწერის მიხედვით, კავკასიონი აღმოსავლეთში იწყება სერების (ჩინეთის) ზღვასთან და თითქმის ევროპამდე გრძელდება. კავკასიის მთაზე ცხოვრობენ ამორძალები, მასაგეტები, კოლხები და სარდები (სარმატები). კავკასიონის გადაღმა ვხედავთ კასპიის ზღვას, რ-იც ჩრდილოეთის ოკეანიდან იჭრება ხმელეთში. ჩრდილოეთით სახლობენ გოგის და მაგოგის ხალხები, რ-ებიც წარწერის თანახმად, კავკასიონის გადაღმა ჩაკეტა ალექსანდრე მაკედონელმა, ისინი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ჯებირებს გადმოანგრევენ ანტიქრისტეს მოსვლისას. კავკასიონის გადაღმა მთელი სივრცე სკვითიად მოიხსენიება. იქვეა დატანილი ჰირკანია, კავკასიონს გადმოღმა კი – არარატის მთა ნოეს კიდობნით. მათ ქვემოთ მიედინება მდინარე, სავარაუდოდ, მტკვარი, რ-იც ჩადის ჩრდილოეთის ოკეანეში. აღნიშნულ მდინარესა და კავკასიის მთას შორის რუკაზე დატანილია ორი შეიარაღებული ქალის სურათი. ესენი არიან ამორძალთა დედოფლები – მარპესია და ლამპეტა. ამორძალთა დედოფლების ქვემოთ ჩანს ასევე ციხესიმაგრის აღმნიშვნელი გამოსახულება. ეს არის კასპიის კარი, ანუ დერბენდი. იქვეა ორი შეიარაღებული მეომარი. დერბენდის მცველ მეომრებში ქართველები შეიძლება იგულისხმებოდნენ. დერბენდის მცველთა ქართველობას ადასტურებს მათი სამოსიც. რუკაზე დატანილია აგრეთვე კოლხეთის სამეფო, კოლხების, ოქროს საწმისის, მეფე აიეტის, ქალაქ დიოსკურიის, მდინარე ფასისის გამოსახულებით. სამი ლეგენდა მოკლედ ეხება აღნიშნულ თემებს. პირველის მიხედვით ვარაუდობენ, რომ იასონის მიერ კოლხეთში მოპოვებული ოქროს საწმისი ტროას ომის დაწყების მიზეზი გახდა. მეორე ლეგენდა ახასიათებს თავად ოქროს საწმისს, რ-იც არგონავტებმა იასონის მეთაურობით მოსტაცეს მეფე აიეტს. მესამე ლეგენდაში კი ლაპარაკია ქალაქ დიოსკურიის დაარსებაზე.
ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004; Miller K., Mappaemundi: Die ältesten Weltkarten, Bd. 5 – Die Ebstorfkarte, Stuttg., 1896; მისივე, Die Ebstorfkarte, Stuttg. – Wien, 1903; Rosien W., Die Ebstorfer Weltkarte, Hannover, 1952.
ა. თვარაძე