მაჯაგანი, ტყავის მოსაქნელი. მ-ით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი, რ-იც 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მ-ის ხე და ლითონის პირი, ღვედი, სატერფე და კაპი. მ-ის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, რ-შიც ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ ტყავის ან ლითონის (დამზადდა მოგვიანებით) რგოლს (კაპი). უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ხეზე თავდაპირველად კისრით ჰკიდებდნენ, შემდეგ – ბარკლით, დუმითა და ფერდით და ამუშავებდნენ. დაბაღს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი – მ-ის ხე, მარჯვენა ფეხი კი მ-ის სატერფე კლაპში ჰქონდა შედგმული. როცა დაბაღი მ-ის ხეს მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა და მ-ის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა – ასე იწყებდა ტყავის მოქნას და აგრძელებდა მანამ, სანამ იგი ბუმბულივით „თვალად თეთრი“ და რბილი არ გახდებოდა. ამის მისაღწევად მ-ს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს. ადრე მ-ში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის დანას უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ. დაბახანაში თრიმლით დამუშავებისას იყენებდნენ იმავე იარაღს, რ-საც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვემო სვანეთში დანის ნაცვლად იცოდნენ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაკბილული ხის ხმარება. მ-ში გამოყვანილი ტყავით იკერავდნენ ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და სხვ.
ლიტ.: აბესაძე ნ., ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, თბ., 1986; მასალები საქართველოს შინამრეწველობის და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ტ. 3, ნაწ. 1, – ტანისამოსი, თბ., 1983; ნანობაშვილი ი., ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, თბ., 1973.