მაჯდ ალ-სალტანე, გენერალი. ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი (XIX ს.). 1894 იმოგზაურა კავკასიაში. თხზ. „მოგზაურობაში“ თავისი შთაბეჭდილების აღწერისას ვრცლად მოგვითხრობს თბილისზე: „თბილისი მთელი კავკასიისა და საქართველოს საგუბერნიო ცენტრია. მასზე გადის ბათუმი–ბაქოს რკინიგზა; მდ. მტკვრის ორსავე მხარეზეა გაშენებული ერთი ფარსანგის (6–7 კმ) მანძილზე, ქალაქის შუაში რამდენიმე ბულვარია“. იგი აღწერს სახელმწ. დაწესებულებებს, სასტუმროებს („ლონდონი“, „კავკასია“, „ვერსალი“, „გრანდ-ოტელი“), ეკლესიებს, თეატრს, ცირკს, საზოგადოებრივ კლუბებს, ახსენებს ტელეფონს, ტრამვაის („ყველა ცნობილ ქუჩაზე ტრამვაის ხაზია“), ეტლებს (3000 გასაქირავებელი ეტლი), ველოსიპედს, ეტლებისა და კარეტების დამამზადებელ ფაბრიკებს, რ-თა ნაწარმი ირანშიც გაჰქონდათ, ჯარის სადგომებს, ჯარს, მათ ტანსაცმელს, სათესი მანქანების დამამზადებელ ქ-ნებს, სამკურნ. დაწესებულებებს, აბანოებს (ორბელიანის აბანო), აფთიაქებს, ზუსტი ხელსაწყოების მაღაზიებს, აღგვიწერს ქრისტ. დღესასწაულებს (ნათლისღება და სხვ.), ქალთა ზნე-ჩვეულებებს, ტანსაცმელს, ქორწილს; მოგვითხრობს XIX ს-მდე მთაწმინდის კალთაზე შეიხ სენანის აკლდამის შესახებ შემორჩენილ ლეგენდას, რ-იც შეიხის სახელს უკავშირებს მამა დავით გარეჯელს.
თხზ.: ქალაქ თბილისის აღწერა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა და კომენტარები დაურთო მაია მამაცაშვილმა, თბ., 1971.
დ. კაციტაძე.