მგალობლიშვილი ეთერ დავითის ასული (14. VIII. 1932, თბილისი, – 3. VI. 2020, იქვე), პირველი ქართველი პროფესიონალი ორგანისტი, პიანისტი, პედაგოგი, ქართული საორგანო სკოლის დამაარსებელი. თბილ. სახელმწ. კონსერვ. პროფესორი (1984), საქართვ. დამს. არტისტი (1967). დაამთავრა მოსკ. კონსერვ. ფორტეპიანოს განხრით (1956). გაიარა უმაღლ. დაოსტატების კურსი ლაიფციგში ვ. შეტელიხთან (1971), ბელგიაში – ფ. პეეტერსთან (1979). 1965–2012 იყო თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი. მართავდა კონცერტებს საქართველოსა და უცხოეთში. სხვადასხვა დროს იყო ლაიფციგის, მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის, კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშ. კონკურსების ჟიურის წევრი, 1977–87 – ბიჭვინთის საკავშ. საორგანო მუს. ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი.
მ-ის რეპერტუარში შედიოდა ქართველი (ო. თაქთაქიშვილი, ა. შავერზაშვილი, ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ს. ცინცაძე და სხვ.) და სხვადასხვა ეპოქის უცხოელი კომპოზიტორების (ი. ს. ბახი, ა. მოცარტი, ჯ. ბერტონი, ა. ბრუკნერი, ფ. მენდელსონი, ჯ. ბ. პერგოლეზი და სხვ.) საორგანო ნაწარმოებები.
ლიტ.: გოგოლაძე ქ., დიდი ქართველი ორგანისტი და პედაგოგი, „მუსიკა“, 2017, №2.
რ. ქუთათელაძე.
მ. ჯაფარიძე.