მგალობლიშვილი თამილა გრიგოლის ასული

მგალობლიშვილი თამილა გრიგოლის ასული (25. I. 1944, ქუთაისი, – 23. III. 2018, თბილისი), ფილოლოგი, ქართული ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობის მკვლევარი. 1997-იდან ხელმძღვანელობდა ქართ. სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სამეცნ. ცენტრს. მონაწილეობდა ცენტრის მიერ მოწყობილ სამეცნ. ექსპედიციებში ისრაელში, იორდანიასა და თურქეთში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ექსპედიცია ისრაელში (2001–02), სადაც გამოვლინდა 40-მდე ეკლესია-მონასტერი, რ-თა ნაწილი წარსულში ქართველთა კუთვნილება იყო, ნაწილში კი ისინი სხვა ეროვნების ბერ-მონაზვნებთან ერთად მოღვაწეობდნენ. ამავე ექსპედიციის დროს აღინუსხა და დაფიქსირდა 100-მდე ლაპიდარული თუ საღებავით შესრულებული ძვ. ქართ. წარწერა, აღმოჩნდა ქართ. ხელნაწერები და საეკლ. ნივთები. მ. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელნაწერთა ინ-ტში, შეისწავლა და გამოაქვეყნა არაერთი ძვ. ქართ. ხელნაწერი, მ. შ. – კლარჯეთის მრავალთავი (1991). 2004 დაინიშნა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი საზღვარგარეთ არსებული საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად. 2011., საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მ. ანტიოქიაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რ-ის მიზანი იყო იქ არსებული ქართ. მონასტრების აღნუსხვა-დოკუმენტირება. ამ ექსპედიციას მიუძღვნა ნაშრომი „ახალი იერუსალიმები საქართველოში“ (2013). მისი რედაქტორობითა და ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით გამოიცა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიის ერთი უცნობი XV–XVI სს. უხვად ილუსტრირებული ქართ. ხელნაწერი „ოქროს ოთხთავი“ (2013). მ-ის ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართ. და ინგლ. ენებზე.