მგელაძე აკაკი ივანეს ძე

მგელაძე აკაკი ივანეს ძე (1910, სოფ. მელექედური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1980, ოზურგეთი), საბჭოთა პარტიული მოღვაწე, საქ. სსრკ კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი (1952–53), სსრკ კომპარტიის ცკ-ის წევრი (1952–53). იყო საქ. სსრ კომკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი (1934–37), სსრკ კომკავშირის ცკ-ის ახალგაზრდული განყ-ბის გამგე (1937–38). 1938 დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაამართლეს. 1938–42 ტრესტ „საქნავთობის` მმართველია, 1942–43 – ამიერკავკ. ფრონტის შტაბის სამმართველოს სამხ. კომისარი, ბატალიონის უფრ. კომისარი, ამიერკავკ. ფრონტის შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი, 1943–51 – საქ. სსრ კომპარტიის სოხუმის ქალაქკომის და აფხ. საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი (განახორციელა სოხუმის განაშენიანების სამუშაოები), 1951–52 – საქ. სსრ კომპარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1951–53 იყო საქ. სსრ კომპარტიის ცკ-ის ბიუროს შემადგენლობაში. როგორც ი. სტალინის გარემოცვის წევრი, კურირებდა ლ. ბერიას წინააღმდეგ წამოწყებულ „მეგრელების საქმეს`. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მ. თანამდებობიდან გადააყენეს, გარიცხეს სსრკ კომპარტიის ცკ-იდან და კომპარტიის რიგებიდან, შემდეგ დააპატიმრეს. ბრალდებები მოუხსნეს ლ. ბერიას დაკავების შემდეგ.

1953–73 იყო სოფ. ბებნისის (ქარელის მუნიციპ.) საბჭ. მეურნეობის დირექტორი, 1973–78 – საქ. სსრ საბჭ. მეურნეობების ტრესტის მმართველი, საქ. სსრ აგრარულ-სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანების თავ-რე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.