მგელაძე ალექსანდრე ბუჭუას ძე

მგელაძე ალექსანდრე ბუჭუას ძე [1864, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა (ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), – 1932, ბათუმი], პედაგოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია (1885) და მიენიჭა დაწყებითი სახალხო მასწავლებლის წოდება. თავდაპირველად მუშაობდა სოფ. დვაბზუში მასწავლებლად (1885–92), ხოლო შემდეგ – სოფ. ბახვში (1892–98). პოლიტ. არასაიმედოობის გამო მ. სამუშაოდ აჭარაში გადაიყვანეს და სოფ. ხულოს ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველად დანიშნეს. შემდგომ წლებში მ. საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში. 1903 მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბათუმის ქართულ დაწყებით სკოლაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და სხვადასხვა საგანს: ქართ. და რუს. ენებს, ბუნებისმეტყველებას, „სამშობლოს აღწერას“ და ანგარიშს (არითმეტიკა) – ასწავლიდა. პრაქტიკულ პედ. მოღვაწეობასთან ერთად მ. აქტიურად მუშაობდა ქართ. ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე („საანბანო წიგნი“, „ლამპარი“, „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“, „პირველი ბიჯი“, „კოკორი“ და „ლექსიკური გაკვეთილები ქართული ენის შესასწავლად“).

მ. აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. იუმორისტულ ჟურნ. „ეშმაკის მათრახთან“, სადაც ალ. ბლიკვაძის ფსევდონიმით განიხილავდა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს.

1925 ბათუმის პირველი საფეხურის მე-2 ქართულ სკოლას მ-ის სახელი ეწოდა.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 1, თბ., 1953.

თ. ალიბეგაშვილი.