მგელაძე ზურაბ ვიქტორის ძე (20. XII. 1933, თბილისი, – 16. I. 2016, იქვე), გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1992). საქართველოსა და საერთ. დარგობრივი აკადემიების წევრი.
1957 დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. 1958-იდან მუშაობა დაიწყო ტრესტ „საქნავთობის“ სისტემაში ჭალადიდის, საცხენისისა და პატარძეულის ნავთობის საბადოებზე გეოლოგად. 1963–87 იყო სპი-ის „ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და ბურღვის“ კათედრის ასისტენტი, 1987–92 – კათედრის გამგე, 1992-იდან სამთო-გეოლ. სასწ. სამეცნ. ინ-ტის დირექტორი, 1996–97 – საქართვ. საერთაშ. ნავთობის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1999-იდან დაინიშნა საქართვ. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწ. სააგენტოს უფროსის მოადგილედ სამეცნ.-ტექ. დარგში. მისი მონაწილეობით ინტენსიური ძებნა-ძიებითი სამუშაოები დაიწყო უცხოურმა ნავთობის კომპანიებმა – „ფრონტერამ“ და „რამკომ“.
მ. იყო მსოფლიოს „მათემატიკური გეოლოგიის“ და საერთაშ. „გეოთერმული“ ასოციაციების წევრი.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება რეგიონულ გეოლოგიას, საქართვ. ტერიტორიის მეზოკაინოზოური ნალექების ნავთობ-გაზის პერსპექტიულობას და ძებნა-ძიებითი სამუშაოების წარმართვას, საბადოების დამუშავებასა და ექსპლუატაციას. მან თანაავტორებთან ერთად შეადგინა და გამოაქვეყნა საქართვ. ნავთობ-გაზის დარაიონებისა და პერსპექტიული სტრუქტურების რუკა.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998).
თხზ.: ნორიო-პატარძეულის ანტიკლინორიუმის მიოცენურ, პალეოცენურ და ზედა ცარცულ ნალექებში ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების საკითხები, თბ., 1975; К истории формирования современной структуры Картлийской впадины, Тб., 1974; О перспективах нефтегазоносности среднеэоценовых отложений Восточной Грузии, М., 1983 (თანაავტ. Д. Папава); Карта месторождений нефти и газа, перспективные структуры и нефтегеологическое районирование территории Грузии, Тб., 1989 (თანაავტ.; А. Нанадзе, Д. Папава); Литолого-стратиграфитческая характеристика и перспективы нефтегазоносности юрских отложений Грузинской глыбы, Тб., 1998.