მგელაძე ნინო ვლადიმერის ასული (11. VIII. 1921, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 13. VIII. 2013, თბილისი), ექიმი-კურორტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969). საქართვ. (1982) და აფხაზეთის არ (1974) მეცნ. დამს. მოღვაწე. 1942 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1942–44 იყო გალის რ-ნის საბჭ. მეურნეობა „კოხორის“ ამბულატორიის გამგე, 1947-იდან მუშაობდა საქ. სსრ კურორტოლოგიის ინ-ტის აფხ. ფილიალში; 1955-იდან იქვე ხელმძღვანელობდა კლინიკურ განყ-ბას.
მ. იკვლევდა საკურორტო ფაქტორების გავლენას სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობაზე. დაადგინა მთის ფაქტორებისა და ნახშირმჟავა აბაზანების დადებითი მოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Курорты Абхазии – Тб., 1981 (თანაავტ.); Лечение сердечно-сосудистых заболевании на курортах Абхазии, Сух., 1984.