ეგვიპტური კალია (Anacridum aegyptium), პოლიფაგური მწერი სწორფრთიანების რიგისა. გავრცელებულია დას. ევროპის სამხრ. ნაწილში, ჩრდ. აფრიკაში, წინა აზიაში, ირანში, ავღანეთში, სამხრ. ყაზახეთში, შუა აზიაში, ევროპ. ნაწილის სამხრეთში, ყირიმში, ჩრდ. და სამხრ. კავკასიაში.
საქართველოში, ისე როგორც მთელი არეალის ფარგლებში, ე. კ. ბინადრობს ბუჩქნარით დაფარულ ბიოტოპებში. ერიდება ტყიან ადგილებს. იზამთრებს ზრდასრული ფორმა და ბოლო ასაკის ნიმფები. საქართველოში გავრცელებულ კალიებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა (დედლის სიგრძე 6,5 სმ, მამლისა – 4–5 სმ), ძირითადად რუხი ან მორუხო-მურაა, უკანა წვივები მოცისფრო ან მორუხო-იისფერი აქვს.
აზიანებს მრავალ კულტურულ, ტექნიკურ მცენარეს, ციტრუსებს, ბოსტნეულ, ხეხილოვან, დეკორ. კულტურებსა და ტყის ჯიშებს.
ე. აბაშიძე
მ. სტოლიაროვი