მგელაძე ყარამან (გუგული) გიორგის ძე (12. V. 1928, თბილისი, – 29. XI. 2015, იქვე), კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი. საქართვ. სახ. არტისტი (1983). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტი. კინოში მოღვაწეობა დაიწყო როგორც მსახიობმა, ითამაშა გიორგი სააკაძის უფროსი ვაჟის – ავთანდილის როლი ფილმში „გიორგი სააკაძე“ (რეჟ. მ. ჭიაურელი, 1942–43). სტუდენტობის დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ახალგაზრდა გვარდია“ (გიორგი არუტუნიანცი; რეჟ. ს. გერასიმოვი, 1948), „მშვიდობიანი დღეები“ (მეზღვაური მესხიშვილი; რეჟ. ვ. ბრაუნი, 1950), „ვარსკვლავები ფრთებზე“ (ქართველი კურსანტი; რეჟ. ი. შმარუკი, 1955), „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (ეკიპაჟის წევრი; რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1956) და სხვ. სარეჟისორო დებიუტია მოკლემეტრაჟიანი კინოკომედია „ბურთი და მოედანი“ (1961, სპორტული ფილმების საკავშ. კინოფესტ. მთავარი პრიზი; მოსკოვი, 1965). გადაიღო სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ფილმები: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (1965), „ცისკრის ზარები“ (1967), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „გათენების წინ“ (1971ე\), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „თეთრი სახლები“ (ორივე 1975), „ფედია“ (1977), „ძახილი“ (ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით, 1979), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (1980), „მაცივარში ვიღაც იჯდა“ (1983), „ბაგრატიონი“ (გ. ჭოხონელიძესთან ერთად, 1985), „ფესვები“ (1987), „წარსული მუდამ ჩვენთანაა“ (1989), „ჩაკლული სული“ (გ. რობაქიძის რომანის მიხედვით, 1999), „გაჭედილები“ (2004). გამოცემული აქვს წიგნები: „კინოკურიოზები“, „სიკეთისათვის დევნილნი“, „არ გვანებივრებს როდესაც დარი“; ლექსების კრებულები: „წუთისოფელი“, „შავი და თეთრი“.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მ. კერესელიძე.