მგოსანი

მგოსანი, მუსიკოს-მომღერალი, მესაკრავე, პოეტი, ზოგჯერ შემსრულებელ-მთქმელი. სიტყვა მ. გვხვდება ჯერ კიდევ ბიბლიაში (მათე 9, 23). იესო ქრისტემ გარდაცვალებულის სახლში „იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი“... ისტორიული წყაროების მიხედვით იყვნენ „მგოსანნი გლოვისანი“ და „მგოსანნი ლხინისანი“. პირველი განმარტებულია ასე: „მგოსანი ესე არს მომღერალი, გინა ზარისა მთქმელი მკუდარსა ზედა“. VI მსოფლიო საეკლ. კრებაზე (691–692) დადგენილ მღვდელთა ყოფაქცევის წესში ნათქვამია: მოციქული პავლე იტყვის: „უჯერო არიან და უწესო... მგოსნობანი და სახიობანი და ესე ვითარცა მათ ხმათა საეშმაკოთა სმენანი ბარბითებისა და ორღანოებისა, ებანთა და მომღერალთა ხედვანი“. მ. მოიხსენიება აგრეთვე „ქართლის ცხოვრებაში“ („იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა“), „ვეფხისტყაოსანში“, ს.-ს. ორბელიანთან, იოანე ბატონიშვილთან, ნ. და დ. ჩუბინაშვილებთან. ვახუშტის განმარტებით, მ. მეფის კარის მთქმელია. იგი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ გართობა-თამაშობებში ახსენებს „მგოსან-სახიობებს“ (ყაბახის და ბურთაობის შემდეგ მოასპარეზენი მეფის სასახლეში „შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობითა“).

მ-ები უმეტესად იყვნენ ვაჟები, რ-ებიც ჩანგის თანხლებით მღეროდნენ. მათ შემოქმედებაში მთავარი ადგილი ეჭირა სატრფიალო-ლირიკ. თემატიკას. დღესდღეობით მ. მხოლოდ პოეტის სინონიმია. მ. ენათესავება აღმოსავლურ გუსანს.

ლიტ.: ახვლედიანი გ., ტრადიციების პრობლემა XVIII–XIX საუკუნეების ქართველი ისტორიკოსების ნაშრომებში, თბ., 1984; მაჩაბელი დ., ქართული ზნეობანი, გალობა, „ცისკარი“, 1864, №5; მშველიძე ა., ქართული ქალაქური სიმღერები, თბ., 1970; ნოზაძე ვ., ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1958; რუხაძე ტ., თეატრალური და დრამატურგიული ტერმინები ძველ ქართულ ლიტერატურაში, წგ.: ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 2011; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1990.

რ. ქუთათელაძე.

მ. ჯაფარიძე.