მდელო

მდელო, ბიოგეოცენოზი, ეკოსისტემა, რ-იც შექმნილია უმთავრესად მრავალწლოვანი მეზოფილური ბალახებისაგან. ბალახები იზრდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ამით ისინი განსხვავდება ველის მცენარეებისაგან, რ-ებსაც ახასიათებს ზაფხულის შესვენების პერიოდი. მ. მეტწილად წარმოიქმნება ტენიან ადგილებში – ჭალებში, მაღალმთიანეთში, სუბალპებში და ალპებში, სუბარქტიკისა და სუბანტარქტიდის ზღვის სანაპიროებზე, ლიმანებში და სხვ. ტყის ზონაში მ-თა უმრავლესობას უჭირავს ტყეებისა და ბუჩქნარების, დამშრალი ტბებისა და ჭაობების ადგილი. ის ძვირფასი საკვები სავარგულია, გამოიყენება სათიბად და საძოვრად. წარმოშობის, ხნოვანების, ფიტოცენოზებისა და მოსავლიანობის მიხედვით მ. მრავალგვარია. მისთვის დამახასიათებელია ძლიერ განვითარებული კორდი (მიწისქვეშა ნაწილის მასა 3–5-ჯერ აღემატება მიწისზედისას).

განარჩევენ მატერიკულ (ჭარბტენიან ვაკეებსა და დაბლობებში), ჭალისა (ხანგრძლივი დროით დატბორილ ადგილებში) და მთის (თბილი და ტენიანი ჰავის ადგილებში) მ-ებს. მათი საერთო ფართ. 200 მლნ. ჰა-მდეა.

საქართველოში გვხვდება სხვადასხვა ტიპის მ-ები: ალპ. ხალები, სუბალპ. მ-ები (მათი ფართობი სხვა ტიპის ბუნებრივ სავარგულებთან შედარებით ყველაზე მეტია – 35,4%), ნატყევარი მ. (სხვადასხვა სარტყელში), ჭალის მ., ველის მ. და სხვ.

შ. ნახუცრიშვილი.