მდინარის გველთევზა, ჩვეულებრივი გველთევზა (Anguilla anguilla), თევზი გველთევზასნაირთა რიგიდან (Anguilliformes), მდინარის გველთევზასებრთა ოჯახიდან (Anguillidae Rafinesque, 1815), მდინარის გველთევზების გვარიდან (Anguilla Schrank, 1798). მტკნარი და მარილიანი წყლის თევზია. სიგრძე (ძირითადად)– 31–85 სმ. მაქსიმალური – 150 სმ, იშვიათად 2 მ-მდე; მასა – 7 კგ-მდე. მდედრი მამრზე დიდია. გველისმაგვარი ფორმის თევზია. ზურგი მურა მომწვანო, გვერდები და მუცელი კი ყვითელი აქვს. თავი ზემოდან ოდნავ გაბრტყელებულია, ქვედა ყბა ზედაზე ოდნავ გრძელია და წინ გამოწეული. შეუძლია წყლიდან ამოსვლა, ხმელეთზე (ნამიან ბალახსა და ნაწვიმარ ნიადაგზე) გადაადგილება და იზოლირებულ წყალსატევში მოხვედრა.
წყალში ჩადის 700 მ-მდე. მრავლდება ადრეული გაზაფხულიდან ზაფხულამდე, ქვირითობს დას. ატლანტიკაში, სარგასის ზღვაში, რის შემდეგაც იღუპება. იკვებება წვრილი თევზებით, ბაყაყებით, თევზის ქვირითით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდ. ნაწილის მდინარეებში, სკანდინავიის სანაპიროდან მაროკომდე; ბალტიის ზღვის წყალსატევებში, აზოვის, თეთრი, ხმელთაშუა, კასპიისა და შავი ზღვის აუზის მდინარეებში; საქართველოში – ჭოროხში, კინტრიშში, სუფსაში, რიონში, ხობში, ცივში, ენგურსა და კოდორში, ასევე პალიასტომის ტბაში. ინტროდუცირებულია აზიაში, სამხრ. და ცენტრ. ამერიკაში.
ინტენსიური რეწვის შედეგად მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ აღიარებულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფ სახეობად.
ლიტ.: ნინუა ნ., საქართველოს თევზები, თბ., 2013.
ნ. ნინუა.