მეაბრეშუმეობა

მეაბრეშუმეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რ-ის დანიშნულებაა თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება პარკის მისაღებად. მისგან ღებულობენ ნატურალური აბრეშუმის ხამ ძაფს. აბრეშუმის ჭიას კვებავენ თუთის ფოთლით, ამიტომ თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება მჭიდროდაა დაკავშირებული მეთუთეობის განვითარებასთან. ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში ნატურალური აბრეშუმის დასამზადებლად აგრეთვე იყენებენ ზოგიერთი გარეული აბრეშუმხვევიას (მუხის, აილანტის, აბუსალათინისა და სხვ.) პარკს.

მ. მოიცავს შემდეგ საწარმოო პროცესებს: თესლნერგებისა და ნერგების გამოზრდას, თუთის ნარგაობათა (პლანტაციების) ან ერთეულ ნარგაობათა (მეთუთეობა) გაშენებას, გრენის დამზადების წარმოებას (გრენაჟი), გრენის ინკუბაციასა და ჭიის მოვლა-პატრონობას (აბრეშუმხვევიას ჭიის კვება), აბრეშუმის პარკის პირველად გადამუშავებას (პარკსაშრობი), აბრეშუმის ჭიის ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა-გაუმჯობესებას.

თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება პირველად დაიწყო ჩინეთში 5 ათ. წლის წინათ. ამიერკავკასიასა და შუა აზიაში გავრცელდა V–VII სს-იდან.

საქართველოში მ. უძველესი სას.-სამ. დარგია. ქართ. წერილობითი წყაროების მიხედვით, აბრეშუმის კულტურა V ს-ში დასტურდება; მოხსენიებული „ჭიჭნაური-ჭიჭნაუხტი“ ზოგადად აბრეშუმსაც აღნიშნავდა და აბრეშუმის ქსოვილსაც; „შუშანიკის წამებაში“ „ჭიჭნაუხტის საქმე“ საქალო საქმედ არის მიჩნეული. აბრეშუმის პარკიდან ამოხვეულ ძაფს უპირატესად ქსოვილების (დარაია – დას. საქართველო; თავთა, მერდინი – აღმ. საქართველო) დასამზადებლად იყენებდნენ, ხოლო აბრეშუმის ხამი ძაფისაგან ე. წ. „საქულაჯე“ და „საჩოხე“ ქსოვილს ამზადებდნენ (იხ. აგრეთვე აბრეშუმის მრეწველობა). საქართველო აბრეშუმის გზის (იხ. აბრეშუმის დიდი გზა) არეალში მდებარეობდა, რაც მ-ის განვითარებას უწყობდა ხელს. ქართულმა აბრეშუმმა ტურინსა (1850) და ლონდონში (1862) გამართულ საერთაშ. გამოფენებზე მედლებიც მოიპოვა. საქართველო თუთის აბრეშუმხვევიას ჩქაროსნული მეთოდით გამოკვების სამშობლოა. 1887 თბილისში დაარსდა ამიერკავკ. მ-ის საცდელი სადგური, რ-მაც თავი მოუყარა თუთის 104 ჯიშსა და ფორმას. მის ბაზაზე 1930 შეიქმნა ამიერკავკ. მ-ისა და აბრეშუმის მრეწველობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. 1936 დაარსდა მეაბრეშუმეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-იც 1959 შეუერთდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტს და ჩამოყალიბდა მ-ის სასწ.-კვლ. ფაკ-ტი.

1931–53 ფუნქციონირებდა საქართვ. მ-ის ტრესტი („საქაბრეშუმტრესტი“), 1953–66 – მ-ის სამმართველო, ხოლო 1966–96 – მ-ის რესპ. გაერთიანება. დარგს ემსახურებოდა ქუთ. ზონალური საცდელი სადგურიც (1916–2011). სსრკ-ში აბრეშუმის პარკის დამზადების მხრივ საქართველოს 1965-მდე II ადგილი ეკავა (4390 ტ – 14%). შეიქმნა რ-ნული პარკსაშრობები, საგრენაჟო ქ-ნები, მეთუთეობის სახელმწ. და საკოლმ. სანერგე მეურნეობები, პარკის პირველადი დამუშავების ბაზები, ძაფსაღები ფაბრიკა-ქ-ნები, ჩამოყალიბდა სახელმწ. საჯიშე საქმის ქსელი და სხვ. XX ს. 60-იან წლებში საქართველოში იწარმოებოდა 4,0–4,4 ათ. პარკი, ფულადი შემოსავალი კი 15,5–16,5 მლნ მანეთს შეადგენდა. აბრეშუმის პარკის წარმოებაში დასაქმებული იყო 100–120 ათ. ოჯახი, აბრეშუმის მრეწველობაში – 5–6 ათ. კაცი. 1966 გავრცელდა თუთის დაავადება (თუთის ფოთლის სიხუჭუჭე), რამაც პარკის დამზადება შეამცირა. ქვეყანაში მომხდარი საზ.-პოლიტ. მოვლენების შემდეგ მისი წარმოება მთლიანად შეწყდა (2002).

სსიპ აბრეშუმის სახელმწ. მუზეუმში (თბილისის აბრეშუმის მუზეუმი) დაცულია მ-თან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რ-იც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ისე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოტანილ ექსპონატებს. 1992–2011 მ-ის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი აგრ. უნ-ტის შემადგენლობაში იყო. 2011-იდან ფუნქციონირებს აგრ. უნ-ტის ენტომოლოგიის ინ-ტის მ-ის ლაბორატორია. 2014–15 საქართველოში აბრეშუმის პარკის წარმოების აღდგენის მიზნით შეიქმნა კოოპერატივები ლანჩხუთში, ვანში, მარნეულში, ხარაგაულსა და ახმეტაში. 2015 „ქართულმა აბრეშუმის კორპორაციამ“ შემოიტანა 100 ათ. თუთის ჰიბრიდული ნერგი, რ-იც უფასოდ დაურიგდათ ფერმერებს. გრენის სელექცია და მომზადება ხორციელდება მცირე მოცულობით, ძირითადად სამეცნ. მიზნებისათვის (მოქმედებს მხოლოდ ხონის სასელექციო სადგური). 2015 დამუშავდა მ-ის რეაბილიტაციის ბიზნესპროექტი „აბრეშუმის სახლი“, რ-იც წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების მასშტაბური ხასიათის ბიზნესმოდელს. არსებობს სს „საქაბრეშუმი“ (დაარსდა 1996), 2017 აზერბაიჯანის ქ. შეიკში BACSA-ს მე-8 საერთაშ. კონფერენციაზე იმსჯელეს საქართველოში მ-ის დარგის არსებული მდგომარეობისა და განვითარების საკითხებზეც. 2018 საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტ. მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მ-ის განვითარების პერსპექტივებს სწავლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეც. კომისია და სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი.

მ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ი. ქუთათელაძეს, მ. ცქიტიშვილს, შ. ღვინეფაძეს, ნ. სანაძეს, ს. ნიკოლაიშვილს, გ. ნიკოლეიშვილს და სხვ.

ნ. ბარამიძე.

მ. ლობჟანიძე.

ი. ჭილაძე.