მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია პ. კინტრაიას სახელობისა, შეიქმნა 1936 საქართვ. მეან-გინეკოლოგთა საზ-ბის სახელწოდებით. მისი პირველი თავ-რე იყო პ. შუშანია. საზ-ბა სხვადასხვა წლებში აერთიანებდა 200–300 წევრს. მისი სამეცნ. მიმართულება იყო გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია (პ. შუშანია) და სამედიცინო რადიოლოგია (გ. ღამბარაშვილი), შემდეგ მეანობასა და გინეკოლოგიაში დაინერგა კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდები, ნაყოფის ელექტროკარდიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, რეოენცეფალოგრაფია (კ. ჩაჩავა, პ. კინტრაია, ა. ზირაქაძე, მ. დევდარიანი), აგრეთვე იკვლევდნენ გარემო ფაქტორების გავლენას ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის განვითარებაზე, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეისწავლიდნენ საქართველოში თანდაყოლილ გენეტიკურ დაავადებებს და ადგენდნენ რეესტრს (მ. დალაქიშვილი); იკვლევდნენ საყურადღებო პრობლემებს: ნაყოფი და ტკივილი, ნეიროპეპტიდების როლი მშობიარობის რეგულაციაში (პ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. მიქელაძე), სტრესი და ორსულობა (პ. კინტრაია, ნ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. სიგუა, მ. კოხია). ამ კვლევებმა საერთაშ. აღიარება მოიპოვა.
ამჟამად სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ორსულობის დრომდემიუტანლობა, ნაყოფი – როგორც პაციენტი, ადრეული ლოგინობის ხანის სისხლდენებისა და სეპტიური გართულებების ეფექტური მართვის თანამედროვე ასპექტები, მენჯის ფსკერის ფუნქციური დარღვევების მკურნალობის ოპერაციული მეთოდები.
2003 წ. 4 ივლისიდან საზ-ბა გარდაიქმნა ასოციაციად, რ-ის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიური და პერინატალური დახმარების პერმანენტული სრულყოფით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესება; დიპლომისშემდგომი პროფესიული და უწყვეტი სამედ. განათლების პროგრამების შემუშავება და მათი იმპლემენტაცია პრაქტიკაში; მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის საფუძვლების დანერგვა საქართველოში; მეან-გინეკოლოგთათვის პრაქტ. მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების, სემინარების მოწყობა საქართველოში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე; დედათა გარდაცვალების მიზეზების ძირეული ანალიზის საფუძველზე დადგენილი საექიმო შეცდომების იდენტიფიცირება და მსგავს სიტუაციაში სამოქმედო კლინიკური რეკომენდაციების შემუშავება.
უკანასკნელ წლებში ასოციაციის მიერ ჩატარდა სამეცნ. ფორუმები: ამიერკავკ. მეან-გინეკოლოგთა I კონგრესი (2006), საქართვ. სამხრ. კავკასიის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა II საერთაშ. კონგრესი (2017), კ. ჩაჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქართვ. მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII საერთაშ. კონგრესი (2019).
ასოციაცია თანამშრომლობს საერთაშ. დონორ ორგანიზაციებთან; 2008–15 USAID-სა და JSI-თან თანამშომლობით საქართველოში წარმატებით განხორციელდა „ეფექტური პერინატალური მოვლის“ და „SUSTAIN“ პროექტები. ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული UNICEF-ის, USAID-ისა და საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ „პერინატალური სამსახურის რეგიონალიზაციის“ პროექტში; დონეებად დაიყო სამეანო დაწესებულებები და გადამზადდა ამ დაწესებულებებში მომუშავე სამედ. პერსონალი. 2021–22 ასოციაციამ UNFPA-სა და NCDC-თან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო საქართველოში კოვიდინფიცირებულ ქალთა ორსულობისა და მშობიარობის მართვის პროტოკოლის შექმნაში; 2021–22 კი – საქართველოში საკეისრო კვეთების რიცხვის ოპტიმიზაციისათვის განხორციელებულ პროექტში. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ნაციონალური პროტოკოლებისა და გაიდლაინების განახლება და იმპლემენტაცია მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის მიმართულებით. დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს 241 წევრს. საზ-ბას ხელმძღვანელობდნენ: კ. ჩაჩავა (1971–79), პ. კინტრაია (1980–90; 1993–2019), გ. გოცაძე (1990–93), 2019-იდან დღემდე ასოციაციის თავ-რეა ნ. კინტრაია. პ. კინტრაიას გარდაცვალების (2021) შემდეგ მ.-გ. და პ. ა. მის სახელს ატარებს.
ნ. კინტრაია.