მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1873 თბილისში დაიწყო ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა (არქიტ. ა. როგოისკი), რ-ის ინიციატორი იყო კავკ. და ამიერკავკ. სამოქალაქო უწყების სამედ. სამმართველოს მმართველი, მედ. მეცნ. დოქტორი ა. რემერტი (რუსეთის სამეფო ოჯახის წევრის, ოლღას მკურნალი გინეკოლოგი). 1875 სამშობიარო სახლს ეწოდა ამიერკავკ. სამეანო ინ-ტი, 1912 – ოლღას სახ. ამიერკავკასიის მეანობა-გინეკოლოგიის ინ-ტი, 1935 – დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. 1959 ინ-ტს გამოეყო პედიატრიული სამსახური და ეწოდა მ.-გ. ს.-კ. ი; 1976-იდან – პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი; 1981-იდან კ. ჩაჩავას სახელობისაა, 2010-იდან კი ეწოდება „ჩაჩავას კლინიკა“.
ინ-ტის პირველი დირექტორი იყო ე. ლემერტი (1875), შემდგომ ე. სობესტიანსკი (1912), ი. თუმანიშვილი (1945–49), გ. ცაგარელი (1949–53), შ. ქორიძე (1953–65), კ. ჩაჩავა (1965–79), პ. კინტრაია (1979–2002), ე. გოცირიძე (2002–16), ნ. ყაზახაშვილი (2016–21), 2021-იდან დღემდე ინ-ტს ხელმძღვანელობს მ. გელანტია.
წლების განმავლობაში ინ-ტი იყო ერთადერთი პროფილური სამეცნ. ცენტრი პერინატოლოგიაში. 1961 პირველად მსოფლიოში ინ-ტში და მასთან გაერთიანებულ ექიმთა დახელოვნების ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე შეიქმნა ნაყოფის პირდაპირი ელექტროგრაფიის მეთოდი (კ. ჩაჩავა, პ. კინტრაია), რ-იც საფუძვლად დაედო მეცნიერების ახალი დარგის – ნაყოფის კარდიოლოგიის ჩამოყალიბებას. ამას მოჰყვა რეოენცეფალოგრაფიის, ელექტროენცეფალოგრაფიის და სხვ. მეთოდების შემუშავება. გარდა ამისა ინ-ტში პირველად შეიქმნა ნაყოფის ტვინის სამშობიარო ტრავმის ექსპერ. მოდელი, რამაც განაპირობა ახალი კანონზომიერების დადგენა ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების რეგულაციაში (ა. ზირაქაძე, პ. კინტრაია); ასევე შეიქმნა საქართველოში გენეტიკურ დაავადებათა რეესტრი. აღსანიშნავია, რომ იმ წლებში ფუნქციონირებდა ფარმაკოლოგიური ლაბორატორია, სადაც სწავლობდნენ პერინატოლოგიაში სხვადასხვა პრეპარატის გამოყენების მეცნ. საფუძვლებს. ასევე იკვლევდნენ პრობლემებს: ნაყოფი და ტკივილი; ნეიროპეპტიდების როლის დადგენას მშობიარობის რეგულაციაში (პ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. მიქელაძე); სტრესის გავლენა ორსულობის, მშობიარობის მიმდინარეობასა და ახალშობილის მდგომარეობაზე (პ. კინტრაია, ნ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. სიგუა, მ. კოხია).
ინ-ტის სამეცნ.-კვლ. მუშაობა კონცენტრირებული იყო ორი ძირითადი პრობლემის გარშემო: პერინატალური ფიზიოლოგია და პათოლოგია; გარემო ფაქტორების გავლენა ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფისა და ახალშობილის განვითარებაზე. ამჟამად „ჩაჩავას კლინიკაში“ გრძელდება კვლევები ორსულობის დღემდემიუტანლობისა და ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტის პრობლემაზე.
„ჩაჩავას კლინიკაში“ ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამეანო სამსახური ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკებით, მშობიარობის შემდგომი და ორსულთა პათოლოგიის პალატებით; ახალშობილთა განყ-ბა ინტენსიური თერაპიის პალატით; გინეკოლოგიური სექტორი, აღჭურვილი ლაპაროსკოპიული, ლაპაროტომიული, ჰისტეროსკოპიური ოპერაციების აპარატურით, ინტენსიური თერაპიისა და პოსტოპერაციული პალატებით; თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ახალი ქირურგიული კლინიკა ფართომასშტაბიანი და პლასტიკური ოპერაციების შესასრულებლად; ანესთეზია-რეანიმაციის განყ-ბა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი ემბრიოლოგიური ლაბორატორიით. საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო ცენტრში ფუნქციონირებს მეან-გინეკოლოგის, სტომატოლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ოკულისტის, გენეტიკოსის, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების, რადიოლოგიური და რენტგენოლოგიური კვლევის კაბინეტები, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები.
კლინიკის ბაზაზე წლების განმავლობაში მუშაობს საქართვ. მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია, რ-იც ატარებს საერთაშ. კონგრესებს, სიმპოზიუმებს და ზრდის მაღალი კვალიფიკაციის მეან-გინეკოლოგებს.
„ჩაჩავას კლინიკა“ აგრძელებს სამეცნ.-პრაქტ. თანამშრომლობას უცხოეთის სამეანო-გინეკოლოგიურ სამეცნ. ცენტრებთან.
მ. გელანტია.