მებოსტნეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ბოსტნეული კულტურების მოყვანა. მ-ს განეკუთვნება მებაღჩეობაც. მისი ამოცანაა ბაღჩეული მცენარეების (საზამთრო, ნესვი, გოგრა) კულტივირება. მ. შეისწავლის მცენარეების ბიოლოგიასა და მოყვანის ხერხებს. განასხვავებენ ღია და დაცული (დახურული) გრუნტის მ-ს. ღია გრუნტზე ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ გაზაფხულ-ზაფხულსა და შემოდგომაზე ბოსტნეულის ნაყოფისა და თესლის მისაღებად, დაცულ გრუნტს კი იყენებენ არასეზონურ პერიოდში (ზამთარში). ღია გრუნტის ძირითადი კულტურებია კომბოსტო, პამიდორი, კიტრი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი; ითესება სუნელ-სანელებელი მცენარეებიც (ტარხუნა, წიწმატი, ქინძი, რეჰანი, ქონდარი, პიტნა და სხვ.). დაცულ გრუნტში მოჰყავთ კიტრი, პამიდორი, ხახვი (საფოჩედ გამოსაყვანი), ყვავილოვანი კომბოსტო, სალათა, თვის ბოლოკი და სხვ. მ. მსოფლიოში ყველგანაა განვითარებული.
საქართველოში მ-ს უძველესი ისტორია აქვს. ქართ. წყაროების მიხედვით, იგი დასაბამს იღებს ქართველ ტომთა განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე – პირველყოფილი თემური წყობილებიდან. ივ. ჯავახიშვილი „საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში“ აღნიშნავს: „ძველადაც ქართველს გემრიელი და შნოიანი პურის ჭამა უმწვანილოდ ვერ წარმოედგინა და მწვანილი სუფრის აუცილებელ კუთვნილებას და მშვენებას შეადგენდა“. VIII–X სს. წერილობით ძეგლებში მოხსენიებულია კომბოსტო. მ-ზე მნიშვნელოვანი ცნობებია ვახტანგ VI-ის („დასტურლამალი“), ასევე ს.-ს. ორბელიანისა („სიტყვის კონა ქართული, რომელი არს ლექსიკონი“) და ვახუშტი ბაგრატიონის („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, წგ.: „ქართლის ცხოვრება“) ნაშრომებში. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში დასახელებულია იმდროინდელ საქართველოში არსებული კომბოსტოს სახესხვაობები: თავიანი და ყვავილოვანი, ასევე კეჟერა კომბოსტო (კოლრაბი).
1913 საქართველოში ბოსტნეულ კულტურებს ეკავა 1,2 ათ. ჰა; 1930 – 11,6 ათ. ჰა, ხოლო 1940 – 14,4 ათ. ჰა. XX ს. 50-იან წლებში საქართველოში, კერძოდ, თბილისში (კრწანისის მეურნეობა, ორთაჭალის ტერიტორია), ასევე გლდანში, გეგუთში, ბიჭვინთაში აშენდა რამდენიმე სასათბურე კომბინატი. საბჭ. ხელისუფლების პერიოდში ამოქმედდა სამეცნ.-კვლ. დაწესებულებები, ლაბორატორიები, საცდელი სადგურები და სხვ. ბოსტნეულის სელექციაზე მუშაობდა ნ. ვავილოვი, მეცნ. მ-ის საფუძვლები კი დაამუშავა ვ. ედელშტეინმა. საქართველოში მ-ის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო გ. ჯაფარიძე, რ-იც ქუთ. საცდელ სადგურში მოღვაწეობდა. ახ. ჯიშების გამოყვანაზე მუშაობდნენ თ. რობაქიძე, ი. გიორგბერიძე, გ. კვაჭაძე; ასევე საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომლები: ა. მიქელაძე, ი. მაჭავარიანი, ა. სარალიძე, გ. ესიტაშვილი და სხვ.
2011-იდან მ-ის განვითარების საკითხებზე მუშაობს საქართვ. აგრ. უნ-ტის ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინ-ტი. 2021 საქართველოში განისაზღვრა ბოსტნეული კულტურების წარმოება (დაახლ.149,0 ათ. ტ), მ. შ. მწვანილი (8,5 ათ. ტ), პამიდორი (56,8 ათ. ტ), კიტრი (30,3 ათ. ტ), წიწაკა (7,6 ათ. ტ) ჭარხალი (4,4 ათ. ტ) სტაფილო (1,5 ათ. ტ) და სხვ. დარგის რეაბილიტაციისა და აღორძინების პრობლემებს ემსახურება საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი. გამოიკვეთა მ-ის 4 ძირითადი ფორმა: საკარმიდამო, საგარეუბნო, სიღრმული და დაცული გრუნტის. მიმდინარეობს ბოსტნეული კულტურების ახ. ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა და მათი დარაიონება. მცენარეები მოჰყავთ საკარმიდამო ნაკვეთებზე; ფერმერები ქმნიან საწარმოებს, კოოპერატივებს, სააქციო საზ-ბებს და სხვ.
გ. კვაჭაძე.
ვ. ჯაფარიძე.