მებოცვრეობა, მეცხოველეობის დარგი, რ-ის დანიშნულებაა ბოცვრის მოშენებით ხორცისა და ტყავ-ბეწვეულის წარმოება. მ. განვითარებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც აღრიცხულია ბოცვრის 300-ზე მეტი ჯიში; 2020-თვის ამ სახეობის ცხოველთა რაოდენობა 192,6 მლნ. იყო, ხორცის წარმოების მოცულობა – 2,7 მლნ. ტ (დაკლული მასით), რ-ის საერთო წარმოების 45% მოდის ჩინეთზე. სსრკ-ში მ-ის პრობლემებზე მუშაობდა სოფ. მეურნ. სამინისტროს ბეწვიანი მენადირეობისა და მებოცვრეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი.
საქართველოში მ-ის განვითარება XX ს. 70-იანი წლებიდან დაიწყო. 1975-თვის ფერმებისა და სანაშენე მეურნეობების რაოდენობა 35-ს აღწევდა, სადაც 12000 დედა ბოცვერი იყო. ფუნქციონირებდა მ-ის კუმისის სანაშენე მეურნეობა და ბებნისის სანაშენე ფერმა, აგრეთვე დედოფლისწყაროს, თეთრი წყაროს, მარტყოფისა და მარაბდის მეურნეობები. მოშენებული ჯიშები იყო: საბჭოური შინშილა, ნაცარა, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შავარდენი, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი და სხვ. 1982–92 კუმისის სანაშენე მეურნეობაში ახალზელანდიური თეთრი ჯიში შეაჯვარეს საბჭოურ შინშილასთან. მიღებული თაობის გადარჩევა-შერჩევით გამოიყვანეს ახ. ჯიშური ჯგუფი, რ-საც 1993 უწოდეს „ქართული სახორცე“ ჯიში.
2021 საქართველოში იყო მ-ის საოჯახო ტიპის 1800-მდე მეურნეობა, ასევე მოქმედებდა 10 ფერმა (50–100 დედალი, 20 მამალი და 200–500 სახორცედ გამოსაზრდელი ბოცვრები).
ლიტ.: გუგუშვილი ჯ., მასალები ბოცვერის სახორცე ჯიშური ჯგუფის აპრობაციისათვის, თბ., 1992.
გ. გოგოლი.