მეგაეკონომიკა, გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა მისთვის დამახასიათებელი განვითარების სპეციფიკური ნიშნებით. იგი დაკავშირებულია გლობალური ეკონომიკური სისტემის ცნებასთან და გარკვეულწილად ურთიერთქმედებს მიკროეკონომიკასთან და მაკროეკონომიკასთან. მ-ის ყველაზე აქტუალური საკითხია იმის დადგენა, თუ რამდენად ორგანულადაა ჩართული ქვეყნის ეროვნ. მაკროეკონომიკური სისტემა გლობალურ ეკონომიკაში. გლობალური ეკონომიკა და მისი კომპონენტები რთული სოც.-ეკონ. სტრუქტურებია და მათი აღწერა შესაბამისი სისტემური ანალიზის მეთოდებით ხდება.
მ-ის დონე, მიკრო- და მაკროეკონომიკური დონეებისაგან განსხვავებით, ითვლება ზენაციონალურ დონედ, რ-შიც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიყოს ცალკეული სახელმწიფოების ეკონომიკები, ასევე ეკონ. გაერთიანებები და ტრანსნაციონალური კორპორაციები.
მ-ის თანამედროვე სტრუქტურაში აქტიურ როლს ასრულებს საერთაშ. ეკონომიკური ინ-ტები (მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, გაერო და სხვ.).
მსოფლიო გამოწვევების ფონზე თანამედროვე გლობალიზაციის თავისებურებაა მისი გადასვლა ტურბულენტურიდან კონფრონტაციულ ფორმაზე, რაც, თავის მხრივ, აისახება მ-ის ფუნქციონირებისა და განვითარების ახ. წესრიგის ფორმირების პროცესში.
საქართველო, ტერიტორიის უნიკალური გეოგრ. მდებარეობისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტიურადაა ჩართული მეგაეკონომიკურ პროცესებში. მისი ეკონომიკა ვითარდება რთულ, არაპროგნოზირებად და ტურბულენტურ გარემოში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობისა და აღმ.-დას-ის დამაკავშირებელი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის გონივრული გამოყენებით საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა ეძლევა, რაც განმტკიცებულია ქვეყნის ინტეგრაციით საერთაშ. ეკონომიკურ სივრცეში, პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებითა და ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიით.
ლიტ.: Krugman P. R., Obstfeld M., International economics: theory and policy, N. Y, 1994; Papava V., Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization, „Eurasia Review“, 2022, 23 May.
გ. ბედიანაშვილი.