მეგაზაფხულენი (Plecoptera), მწერების რიგი. აერთიანებს 3800-ზე მეტ სახეობას. კავკასიაში გვხვდება 7 ოჯახის 21 გვარის 68 სახეობა. საქართველოში ამათგან 64 სახეობაა გავრცელებული, რ-თა უმრავლესობა ენდემურია. კვერცხიდან იმაგომდე გარდაქმნა არასრულია, ზოგჯერ 3 წელზე მეტ ხანს გრძელდება. ვითარდებიან წყალში, ზრდასრული მწერები – ხმელეთზე. გაზაფხულზე (ზოგიერთი სახეობა ზაფხულში) გამოდიან და ცხოვრობენ გამდინარე წყალსატევებთან. ძირითადად ბინადრობენ მთის სუფთაწყლიან მდინარეში, ზოგი სახეობა – მდოვრე მდინარეში, ტბებსა და ტბორებში. ზრდასრულ მწერს აქვს გამჭვირვალე 4 ფრთა, რ-თა შლილი 10–80 მმ აღწევს. ზოგ სახეობას, განსაკუთრებით მამრებს, ფრთები შესაძლოა რუდიმენტულ მდგომარეობაში ან სულაც არ ჰქონდეთ. მათი სხეული ბოლოვდება 2 გრძელი ძაფით. დაფრინავს იშვიათად მცირე მანძილზე, უმთავრესად ზის სუფსტრატზე ან წყლისპირა მცენარეებზე. მატლები ძირითადად მტაცებლები არიან, უმცირესობა მცენარეულობით იკვებება, იმაგო (ზრდასრული) უმეტესწილად არ იკვებება, ზოგი სახეობა მცენარეულ საკვებს ჭამს. მ-თა მატლები თევზების, ამფიბიების, ფრინველების, ხელფრთიანებისა და მწერიჭამიების საკვებია, რითაც დიდი წვლილი შეაქვთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. ბინადრობს სუფთა წყალში, ამდენად მისი მდინარეში აღმოჩენა წყლის სისუფთავეზე მიუთითებს.
ა. ბუხნიკაშვილი.