მეგასთენე (ლათ. Megasthenes), ძვ. წ. IV–III სს. ბერძენი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და გეოგრაფი, სავარაუდოდ, იონიის მკვიდრი. სელევკე I ნიკატორის დავალებით იგი სათავეში ჩაუდგა ელჩობას ინდოეთის მეფე ჩანდრაგუპტასთან. ძვ. წ. 302–291 იმყოფებოდა დედაქალაქ პატალიპუტრაში. თავის თხზულებაში „ინდოეთი“ აღწერა ამ ქვეყნის ანტიკური ეპოქა. თხზულების მეორე წიგნში მ. ამბობს, რომ ბაბილონელთა მეფე ნაბუქოდონოსორი სიმამაცითა და საგმირო საქმეებით ჰერაკლეს აღემატებოდა, რადგან ლიბიისა და იბერიის ტერიტ. მეტი წილი დაიპყრო და მოსახლეობის ნაწილი პონტოს ზღვის მარჯვ. მხარეს დაასახლა. ასევე აქვს ცნობა იბერთა პირინეიდან შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე გადმოსახლების შესახებ.
ლიტ.: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ალ. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961; ჯავახიშვილი ივ., საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1998 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.11); Меликишвили Г. А., K истории древней Грузии, Тб., 1959.