ეგნატაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე (28. V. 1887, გორი, – 31. XII. 1948, მოსკოვი, დაკრძალულია გორში), საბჭოთა გენერალ- ლეიტენანტი (1945). 1930 დაამთავრა მოსკ. ბაუმანის უმაღლესი ტექ. სასწავლებელი და მუშაობდა სსრკ შინსახკომის ორგანოებში, ეკავა განყ-ბის, სამმართველოს უფროსის პოსტები. მიენიჭა სახელმწ. უშიშროების მე-3 რანგის კომისრის წოდება (1942). მონაწილეობდა თეირანის (1943) და იალტის (1945) კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში. 1944-იდან ხელმძღვანელობდა ყირიმის ძვ. სასახლეების და არქიტ. ანსამბლების აღდგენას. იყო სსრკ შინსახკომის სპეცობიექტების სამმართველოს უფროსი ყირიმში (1945–47). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ლ. დოლიძე