მეგრელაძე ირაკლი ილიას ძე (დ. 27. VIII. 1938, თბილისი), კარდიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2005), ემერიტუსი (2015), საქართვ. სსრ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). 1962 დაამთავრა თსსი. 1962–63 მუშაობდა ბორჯომის სანატორიუმის ექიმ- ორდინატორად. 1967–77 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1977–98 – ამავე ინ-ტის (შემდგომში თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემია) თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი (1998–99); 1999–2005 – კათედრის გამგე, კარდიოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი; 1991–92 – ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე, მინისტრი; 2006–15 – თსსუ-ის კარდიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, შეთავსებით – შპს ,,კარდიოლოგიური კლინიკის“ დირექტორი (2003–11); 2011–22 – ,,ამტელ ჰოსპიტალ – პირველი კლინიკური საავადმყოფოს“ კარდიოლოგიის დეპარტამენტის, 2022-იდან კი ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური განყ-ბის ხელმძღვანელი, იმავე წელს აღნიშნულ განყ-ბას მიენიჭა ი. მეგრელაძის სახელი.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც მოიცავს კლინიკური და ექსპერ. მედიცინის ფართო სპექტრს (ელექტროფიზიოლოგია, კარდიოლ. დაავადებათა პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და ფარმაკოთერაპია). ნაშრომისათვის „მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მოწინავე გამოცდილების დანერგვისთვის 1966–79 წლებში“ მ-ს მიღებული აქვს სახელმწ. პრემია (თანაავტორებთან ერთად), ასევე სხვა სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998). არის მრავალი სამეცნ. საზ-ბისა და ასოციაციის წევრი.
თხზ.: პლაფერონი, კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევის შედეგები, თბ., 2011.