მეგრელები

მეგრელები. XIX ს.

მეგრელები, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის – სამეგრელოს (მდებარეობს მდ. – ცხენისწყალსა და ენგურს შორის) მკვიდრნი, მეტყველებენ ერთ-ერთ ქართველურ ენაზე – მეგრულზე.

მ-ის შესახებ ვახუშტი წერდა: „ხოლო კაცნი და ქალნი, გარნა უშუნიერესაცდა  და უუჰაეროვნესაცდა, ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა და იარაღთა და საჭურველთა: ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემართებულნი“.

ისტორიულად მ. უფრო ვრცელ ტერიტორიაზე მკვიდრობდნენ როგორც ჩრდ.-დას-ის, ისე აღმ-ის მიმართულებით. მ-ის ეთნოგრ. ჯგუფი ანტ. წყაროებში მოხსენიებული კოლხების უშუალო მემკვიდრეები არიან. ძველი კოლხური სახელმწიფოს არსებობას ადასტურებს არგონავტების მითიც. ქართ. წყაროებით ძველად მეგრელთა და აფხაზთა საზღვარი მდ. ფსირცხაზე (ანაკოფიისწყალი) გადიოდა, შემდეგ (XVII ს. I ნახ.) კელასურზე ბოლოს (XVIII ს. დასაწყისი) კი – მდ. ღალიძგაზე გადმოინაცვლა, მ-ის განსახლების არეალის (ჩრდ.-დას-ით) უფრო შორს გავრცელებას ადასტურებს მათი ყველაზე ძლიერი და საერთო სალოცავი დღევანდელი სამურზაყანოს დას. საზღვარზე _ ილორი. უფრო ჩრდ-ით მ-ის განსახლებაზე მეტყველებს XIII ს. წებელდის წარწერაც, რ-შიც მოხსენიებულია ლუკა მარტინავა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ XVI - XVII სს-ში თანამედროვე აფხ. ტერიტორიიდან აღმ-ით მ-ის ჯგუფური გადმოსვლის მიზეზი იყო ჩრდ. კავკასიელთა თარეში, რის გამოც დაუცველი მოსახლეობა ენგურს აქეთ სახლდებოდა. 

ქართველთა სხვა ეთნოგრ. ჯგუფებისაგან განსხვავებით, მ-ს და სვანებს სალიტ. ენისაგან დაშორებული მეტყველება გააჩნიათ. მ. მეგრულ ენას საოჯახო, სალაპარაკო ენად იყენებენ; სახელმწ. საღვთისმეტყველო და სამწერლობო ენა კი ქართულია, ვახუშტი აღნიშნავდა: „და აქუსთ წიგნი ქართულივე და არა სხუა“. მეგრულში შემორჩენილია საერთო ქართველურის მრავალი ლექსიკური ერთეული.

მ-ის ტრადიციული ყოფა და კულტურა საერთოქართულის შემადგენელი ნაწილი იყო. მთელი რიგი რეალიები კი განსხვავებულმა ბუნებრივ-გეოგრაფიულმა ფაქტორმა განაპირობა (მაგ. დასახლების ფორმა). ზღვის სანაპიროდან დაშორებით მკვიდრობას კი აფხაზებისა და ჩრდ. კავკასიელების თარეშები განაპირობებდა.

მ-ს მჭიდრო სამეურნეო-ეკონ. ურთიერთობა გააჩნდათ დას. საქართვ. სხვა ეთნოგრ. ჯგუფებთან, მაგ., ზაფხულობით საქონლის ჯოგი არა მარტო სამეგრელოს მთებში, არამედ რაჭაში, იმერეთსა და გურიაშიც გადაჰყავდათ. მ-ის შექმნილია კვებითი კულტურის გამორჩეული სახეობა „სულგუნი“, რაც განაპირობა მხარის ბუნებრივ-კლიმატურმა პირობებმა; ნესტიანი ჰავის პირობებში გადაზელილ-გადახარშული ყველი (სულგუნი) უფრო დიდხანს ინახებოდა.

სამეგრელოს მკვიდრნი გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით, რასაც უცხოელებიც (მაგ., არქანჯელო ლამბერტი) აღნიშნავდნენ. მ. ჭიშკარს არასდროს კეტავდნენ, რათა შემთხვევითი გამვლელი თავისუფლად შესულიყო ეზოში.

ძველად სამეგრელოში დასახლება ძირითადად ერთი გვარისაგან შედგებოდა, რასაც არაერთი სოფლის სახელწოდებაც ადასტურებს (ლესიჭინე, ლეძაძამე, ლეგოგიე, ლეჯიქე, ლეწურწუმე, სამიქავო, საკაჭარავო, საელიავო, საჩიქობავო, საქორქიო...). მ-ის გვარსახელები (მემკვიდრეობითი სახელები) ერთი შეხედვით ორიგინალურია, განსხვავდება ქართველთა სხვა ეთნოგრ. ჯგუფების გვარებისაგან. ისინი ძირითადად ბოლოვდება  -ია, -უა, -ა (-ვა) სუფიქსებზე. ს. ჯანაშიამ დაასაბუთა, რომ აღნიშნული ფორმანტით ნაწარმოები გვარები თავის დროზე უძველესი ქართული -იან, -ან, -უან სუფიქსებით იყო გაფორმებული და სვანური გვარების მსგავსად გამოითქმებოდა. „ნ“ თანხმოვნის დაკარგვის შემდეგ მიიღო შემდეგი ფორმა: კვარაცხელია (კვარაცხელიანი) ჯამბურია (ჯამბურიანი), აფაქია//აფაქიძე  (აფაქიანი), გაბუნია (გაბუნიანი), კაჭარავა (კაჭარანი), გობეჩია  (გობეჩიანი), გვარამია (გვარამიანი), წიფურია  (წიფურიანი) და სხვა. იგივე ვითარება გვქონდა ადრე აღმ. საქართველოში, სადაც ამ საერთოქართულ, თავდაპირველ სუფიქსს (-ან) -ძე სუფიქსი ჩაენაცვლა.

მეგრული მეტყველებისათვის, ისევე როგორც დას. საქართვ. სხვა ქართ. დიალექტებისათვის, დამახასიათებელი იყო ქალის გვარის წარმოთქმის დროს -ფხე (-ხე) სუფიქსის გამოყენება – ნაცვლად თურქიასი იტყოდნენ თურქიხე, ქორქიასი – ქორქიხე, ალანიასი – ალანიხე, ხორავასი – ხორახე, ჩიჩუასი – ჩიჩუხე და ა. შ.

მეგრულმა ყოფამ, საისტ. დოკუმენტებმა, მამაკაცის არაერთი ძვ. ქართ.  სახელი შემოგვინახა, მაგ. 1873 საბუთში, ქრისტ. სახელებთან ერთად, 550-ზე მეტი სახელია დადასტურებული. ინდივიდუალური სახელების ასეთი სიმდიდრით საქართველოს არც ერთი ისტ.-ეთნოგრ. მხარე არ ხასიათდებოდა. მაგ. გავრცელებულია „კოჩის“ სხვადასხვა ვარიანტი: კოჩა, კოჩო, კოჩოია, კოჩილა, ბაბუკოჩი, ბოკოჩი, გეჯიკოჩი, გურიკოჩი, უჩაკოჩი, შუკოჩია, კაკაკოჩი, კოჩივარა. პოპულარული იყო მამაკაცის სახელი „ხახულარა“ (ტაოში არსებული ცნობილი სალოცავის – ხახულის პატივსაცემად).

მ-მა სამეგრელოსათვის დამახასიათებელი მრავალი ორიგინ. ტრადიცია დაამკვიდრეს (მითორგინაფა, გალენიში ორთა, ალერტობა, მირსობა, ჯგერაგუნა და სხვ.).

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს უაღრესად მელოდიური ხასიათის ხალხ. სიმღერები, მ. შ. მეგრული შრომის სიმღერა „ოდოია“, რ-ის სახელწოდებაში „ოდ“ უკავშირდება ნაყოფიერების ღვთაებას, ღრუბლის ღმერთს. ამ სიმღერის „მუსიკალური ტექსტი შრომის სიმღერათა შორის მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა და მას ქართული მუსიკალური ფოლკლორის შედევრად მიიჩნევენ“ (მ. შილაკაძე).

ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1973; თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 2006; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბ., 1977; ყაუხჩიშვილი თ., საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ., 1976; ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. 3, თბ., 1959.

რ. თოფჩიშვილი.