მეგრელიშვილი თეიმურაზ ირაკლის ძე (14. III. 1925, – 1. II. 1987 თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1969). სწავლობდა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ეკონომიკის ფაკ-ტზე (1956–60). 1942-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ოპერატორის ასისტენტად, 1957-იდან – საქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში ოპერატორად. თანამშრომლობდა კინორეჟისორ რ. ჭიაურელთან. მ-ის გადაღებულია მისი თითქმის ყველა ფილმი, მ. შ.: „ალექსანდრე ციმაკურიძე“, „სათაფლია“ (ორივე 1960), „იაკობ ნიკოლაძე“ (1961), „გიგო გაბაშვილი“, „რძე მცხუნვარე მზის ქვეშ“ (ორივე 1962), „ქართული შექსპირიანა“ (1964), „უკვამლო ცა“, „მხატვარი ირაკლი გამრეკელი“ (ორივე 1965), „ვერიკო ანჯაფარიძე“, „ქართული კერამიკა“ (ორივე 1966), „მხატვარი და სივრცე“ (1967), „დავით კაკაბაძე“, „იქნებ ნახატში გადარჩეს“, „უშანგი ჩხეიძე“, „ნიკოლოზ შენგელაია“ (ყველა 1968), „დუდუკის ჰანგები“, „უჩა ჯაფარიძე“, „ლადო კეცხოველი“, (ყველა 1969), „იყალთოს ნაფუძარზე“ (1970), „პირველი ჩოგანი“, „სცენის ჯადოქარი“ (ორივე 1972), „მთაწმინდის პანთეონი“, „ქვის ფარაჯიანი ჯარისკაცები“ (ორივე 1975) და სხვ. სხვა რეჟისორებთან გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ფეხბურთის ოლიმპზე“ (რეჟ. თ. ნოზაძე, 1964), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (რეჟ. ო. გვასალია, 1968), „კონტრასტები“ (რეჟ-ები: გ. მონავარდიშვილი, ა. თუშმალიშვილი, 1977), „ირაკლი აბაშიძე“, „ნოდარ დუმბაძე“ (ორივეს რეჟ. გ. მონავარდიშვილი, 1978), „ყვავიან ბაღები“ (რეჟ. ქ. ღამბაშიძე, 1985) და სხვ.
მ. კერესელიძე.