მეგრელიძე ავქსენტი ვასილის ძე (1. I. 1877, სოფ. ხრიალეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპა–ლიტეტი, – 12. XII. 1953, თბილისი), ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემკრები, ხალხ. გუნდების დამაარსებელი; ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946). 1898 დაამთავრა ქუთაისის სას. სემინარია. 1893-იდან იყო ფოთის სას. სასწავლებლის სიმღერა-გალობის მასწავლებელი, 1900-იდან – ფოთის საეკლ. გუნდის ლოტბარი, პედაგოგი. აქვე დააარსა ქართ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რ-საც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1917 ჩამოაყალიბა 30-კაციანი გუნდი და იყო მისი ლოტბარი. 1933 თბილისში დააარსა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, სადაც აღიზარდნენ ჩონგურის დაკვრის ოსტატები: ე. ჭუბაბრია, მ. თედიაშვილი, ნ. მილორავა და სხვ. მოგვიანებით ანსამბლი შეუერთდა დას. საქართველოს ეთნოგრ. გუნდს. 1940–46 ხელმძღვანელობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ინსტრუმენტულ ჯგუფს, აგრეთვე საქართვ. რადიოკომიტეტთან არსებულ ქართ. ხალხ. გუნდს. მ-მ შეკრიბა და ჩაწერა მრავალი ხალხ. (კერძოდ გურული) სიმღერა და აქტიურ პროპაგანდას უწევდა მას. დიდი წვლილი მიუძღვის ხალხ. საკრავების მოძიების, შესწავლისა და განვითარების საქმეში.
ლიტ.: მოისწრაფიშვილი ნ., ავქსენტი მეგრელიძე, თბ., 2008; ქუთათელაძე რ., ახალ მცენარეთა აღმოსაცენებლად, „მუსიკა“, 2010, №2.
გ. ჩხიკვაძე.