მეგრელიძე ლიდია ისმაილის ასული (14. VIII. 1883, სოფ. გურიანთა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 13. VII. 1968, თბილისი), საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დედის გარდაცვალების შემდეგ, 12 წლიდან იზრდებოდა სოფ. აკეთში დეიდასთან. აქ იგი დაუახლოვდა მესამე დასელებს, ჩაერთო არალეგალურ საქმიანობაში, მართავდა წარმოდგენებს, შემოსავალს კი სამკითხველოებს ახმარდა. 15 წლისამ პიესად გადააეთა ე. ნინოშვილის „გოგია უიშვილი“, რ-იც ა. წუწუნავამ არალეგალურად დადგა ოზურგეთში. 1900 საცხოვრებლად გადავიდა ფოთში. მონაწილეობდა პოლიტ. საქმიანობაში, დრამ. წრისა და განათლების საზ-ბის დაარსებაში. იცავდა ქალთა უფლებებს. 1905-იდან აქტიურად ჩაება ს.-დ. მუშათა პარტიის საქმიანობაში. 1906-იდან ხელმძღვანელობდა არალეგალურ სტამბას სოფ. ხრიალეთში (გურია). 1915 დააარსა ფოთის ქალთა საზ-ბა და ორი სკოლა: საკვირაო (წერა-კითხვის უცოდინართათვის) და საღამოს კურსები (მცირეწლოვანი ნოქრებისთვის). იყო პირველი ქალი, რ-იც აირჩიეს ფოთის საქალაქო საბჭოში (1917).
მ-ის პირველი ლექსი „გაზაფხული“ დაიბეჭდა ჟურნ. „ნაკადულში“ (1910). 1925 და 1927 გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული. თანამშრომლობდა ჟურნ. „პიონერთან“, „ოქტომბრელსა“ და „ნორჩ ლენინელთან“. გარდა მხატვრული ლიტ-რისა, „დასელი ქალისა“ და „ნამცეცას“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს მუშათა ცხოვრებაზე. 1931–32 მუშაობდა პროფკავშირის საბიბლიოთეკო ინსტრუქტორად. ავტორია წიგნებისა: „მზია და ფისო“(1939), „მარგალიტის მძივები“ (1939), „დარღვეული ოჯახი“ (1941), „ბუბა და ლელა“(1949), „ნანა“ (1951), „მშობლიური ცის ქვეშ“ (1955), „სახსოვარი“ (1958), „განთიადის წინ“ (1961), „სიცოცხლისათვის“ (1964), „ალიონის ვარსკვლავები“ (1968), „ქეთოს მერცხალი“ (1973), „პეპლები და დედოფლები“ (1963, 1990).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ანთიძე ქს., ხოფერია ნ., ქალის კალენდარი, ბათ., 1960; მიქაძე გ., ქართულ ფსევდონიმთა სამყაროში, თბ., 1998; მწერალთა ბიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013.
ს. მეტრეველი.