მეგრელიძე ჰასან დურსუნის ძე (10. II. 1915, ქობულეთი, – 20. II. 1996, ბათუმი), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1985). 1937 დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია. ამავე წლიდან იყო ბათუმის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხოზე (გ. მდივნის „ალკაზარი“), ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ჯემალი, ბიძინა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, „ორი სპეციალისტი“), ოსიკო (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), ზურიკო, ზაქარია (ს. შანშიაშვილის „არსენა“, „ფოლადაური“), დაუდ-ბეგი (დ. ერისთავის „სამშობლო“), გელიკა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ყაფლანი (გ. ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“), ზემნუხოვი (ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“) და სხვ. გადაღებულია ფილმში „ზღვის მაშვრალნი“(რეჟ-ები: ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986). მ. ბათუმის თეატრის მსახიობთა პირველი თაობის წარმომადგენელია. მისი საშემსრულებლო ოსტატობა ორიენტირებული იყო მუდმივ განვითარებაზე. სცენური მომხიბვლელობა და ხასიათების გამოხატვის ორიგინალური მანერა სხვადასხვა ჟანრში მის მიერ შესრულებული როლების წარმატებას განაპირობებდა.