მეგრული თხა, სარძეო პროდუქტიული მიმართულების მალმწიფებადი და მრავალნაყოფიერი ადრეულა ჯიში. ხალხ. სელექციით გამოყვანილია დას. საქართველოში, სამეგრელოში. გავრცელებულია სამეგრელოში, აფხაზეთში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში. მოაშენეს ჩრდ. კავკასიის მეურნეობებში. განასხვავებენ მ. თ-ის 2 – დაბლობისა და მთის ტიპებს. პირველს უფრო ნაზი კონსტიტუცია აქვს და მერძეულია, მეორეს – ძლიერი კონსტიტუცია და უხეში ძვალეული აქვს და მერძეულ-მეხორცულია. იკვებება კოლხეთის ეკალბარდიან, შამბნარიან და მთის ციცაბო ფერდობის საძოვრებით. მ. თ. თეთრია, იშვიათად ჩალისფერი ან ჭრელი. ვაცს აქვს მოხრილი დიდი რქები, ნეზვს – ასეთივე ფორმის მოკლე და წვრილი. ვაცის ცოცხალი მასა 55 კგ აღწევს, ნეზვისა – 40 კგ-მდე (ახალშობილი თიკნის – 2,5–2,8 კგ). ნეზვის ნაყოფიერებაა 140%, ლაქტაციის ხანგრძლივობა – საშ. 250 დღე, მონაწველი – 300–400 კგ (მაქს. 739 კგ), რ-ის ცხიმიანობაა 4–4,8%. 1935 შეიქმნა მ. თ-ის სახელმწ. ჯიშთსაშენი (ჩხოროწყუს რ-ნი, სოფ. მუხური) და სანაშენე ფერმები (წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის რ-ნები). 1941 გამოიცა ჯიშის სანაშენე წიგნი. 1974-თვის საქართვ. საზ. მეურნეობაში 18800 მ. თ. იყო; 2014 სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აღირიცხა 8508 სული. თხის ტყავი ნედლეულია უმაღლესი ხარისხის ტყავეულის გამოსაქნელად.
ლიტ.: გოგოლი გ., საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება, სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველები, თბ., 2010; ღლიღვიაშვილი ვ., საქართველოს მეთხეობა, თბ., 1996.
გ. გოგოლი.