მეგრული წითელი ჯიში მსხვილფეხა პირუტყვისა

მეგრული წითელი ჯიში მსხვილფეხა პირუტყვისა, უნივერსალური გამოყენების ჯიში კომბინირებული, სარძევე-სახორცე-მუშა პროდუქტიული მიმართულებისა. გამოყვანილია XIX ს. 60-იან წლებში მეგრელი მეჯოგეების მიერ ადგილ. მცირეტანიანი პირუტყვის სრულყოფით (ქართ. მთის ძროხის მეგრ. ჯილაგის ხალასად მოშენებით). ჯიშის მიღებაზე მუშაობის დაწყების სტიმული იყო ჭიათურის საბადოდან უახლოეს რკინიგზამდე მადნის გადასატანად მუშა პირუტყვსა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდა. მომშენებლებიდან განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ძმები კვარაცხელიების საქმიანობა, რ-თა მრავალრიცხოვანი ნახირი ჯიშის სანაშენე ბირთვის პროტოტიპად იქცა. გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში, ლეჩხუმში, იმერეთში, აფხაზეთსა და აჭარაში. ცხოველი წითელია, აქვს ქარვისფერ-ყვითელი ფერის წვრილი და გრძელი, აშვერილი, ახალი მთვარისებრი ფორმის (უფრო მეტად ხარებში) რქები, თაფლისფერი ჩლიქები, ასევე ვარდისფერი ცხვირის სარკე და ქუთუთოები. ზრდასრული ფურის სიმაღლეა მინდაოში 112–115 სმ, ცოცხალი მასა – 300–350 კგ (კურო მწარმოებლების, შესაბამისად, 122–127 სმ და 450–550 კგ); ახალშობილი ხბოს ცოცხალი მასაა 15–22 კგ. საძოვრული კვების პირობებში ფურების ლაქტაციური მონაწველი 1200–1500 კგ რძეა (4,3–4,5% ცხიმი, 3,3–3,5% ცილა). 1988 ლანჩხუთის რ-ნის სოფ. აკეთის სანაშენე ფერმაში გაუმჯობესებული კვების პირობებში ფურების საშ. მონაწველი იყო 3017 კგ (ცხიმიანობა 4,33%). მონაწველის რეკორდი დაამყარა №0641 ფურმა „თორიამ“ (4315 კგ რძე, ცხიმიანობა – 4,29%); სუქებისას მოზარდეულის სადღეღამისო წონამატი იყო 740 გ, ხოლო ცოცხალი მასა 18 თვის ასაკში – 300 კგ, ნაკლავის გამოსავალი – 52%. 1977 ზუგდიდში შეიქმნა მ. წ. ჯ-ის ჯიშთსაშენი, რ-ის დანიშნულება იყო ჯიშის შენარჩუნება, სრულყოფა და ეფექტიანი გამოყენება.

ამჟამად ხალასჯიშიანი ეგზემპლარების სულადობის შემცირების გამო ჯიშს ემუქრება გადაშენება.

ლიტ.: გოგოლი გ., ბარკალაია რ., მეგრული წითელი ჯიშის ძროხა და მეჯოგეთა ყოფა-ტრადიციები, თბ., 2020; გოცირიძე ნ., რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997.

გ. გოგოლი.