მედავითნე

მედავითნე, წიგნის მკითხველი, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბალი რანგის საეკლესიო მსახური. ევალება ლიტურგიკული წიგნების კითხვა (დავითნისა და წმინდა წერილის), ასევე ტიპიკონის კარგი ცოდნა და მისი დაცვა. მ. სას. იერარქიაში არ მოიხსენიება, ის შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ერისკაცი. წიგნის მკითხველის მნიშვნელობასა და როლზე მითითებულია ძველსა და ახალ აღთქმაში. I ს-ში, ლიტურგიკული ღვთისმსახურების დაწყებისას, მ-ის როლი გაიზარდა. ძვ. საეკლ. წეს-განგებით წიგნის მკითხველს საგანგებოდ არჩევდნენ და მასზე აღესრულებოდა მცირე ხელდასხმა (ქიროტესია). მ-ს საეკლ. სამართალი (როგორც მოციქულთა, ასევე სხვა საეკლ. კრების კანონები), სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში, გაცილებით მკაცრ სასჯელს დაუდგენს, ვიდრე ჩვეულებრივ საერო პირს. მ. საკურთხევლის მსახურად მიიჩნევა და მრევლისგან განსხვავებით აქვს საკურთხეველში შესვლის უფლება. ადრინდელთან შედარებით მისი როლი საეკლ. მსახურებაში გაფართოვდა და მარტო ფსალმუნებისა თუ წმინდა წერილის კითხვით არ შემოიფარგლება.