მედგარა (Pulsatilla), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ გრძელყუნწიანი ფრთისებრ ან თათისებრ განკვეთილი ფესვთანური ფოთლები (ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა და ჩხროსებრ შეკრებილი), მარტოული, მეტწილად იისფერი, პირისფერი ან ყვითელი ყვავილები, მრავალი თესლურისაგან შემდგარი ნაყოფი.
35-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ზომიერ, სუბტროპ. და ნაწილობრივ ცივ სარტყელში. საქართველოში 4 სახეობაა, მათგან ერთი – P. georgica – ენდემია.
იზრდება მთის შუა სარტყლის კლდოვან და ღორღიან ადგილებში, დანარჩენი სამი სახეობა – სუბალპ. და ალპ. მდელოებსა და კლდეებზე. ყველა სახეობა დეკორატიულია.
ი. ლაჩაშვილი.