მედეა

მედეა, (ბერძნ. Mhvdeia, hv), ბერძნული მითოლოგიის გმირი, კოლხეთის მეფის – აიეტის ქალიშვილი. იყო იაზონის, შემდეგ ათენის მეფის ეგეოსის ცოლი. მ-ს მითი დაკავშირებულია არგონავტების ლაშქრობასთან, როდესაც არგონავტები კოლხეთში მოვიდნენ, მ-ს  მათი მეთაური იაზონი შეუყვარდა. გადმოცემის თანახმად მ-ს რჩევით იაზონმა შეძლო აიეტისაგან მიცემული ურთულესი დავალებების შესრულება. ამის შემდეგ მ. და იაზონი კორინთში დასახლდნენ მათ შეეძინათ შვილები (იხ. არგონავტების თქმულება). საბოლოოდ კი მ. ისევ კოლხეთში დაბრუნდა და აიეტს ტახტის დაბრუნებაში დაეხმარა.

მ. პერსონიფიკაციაა უძველესი კოლხურ-იბერიული სიბრძნისა და, კერძოდ, სამედიცინო ცოდნისა. იგი ანტ. ხანის მრავალი ბერძენი მწერლის შთაგონების წყარო გახდა. ევრიპიდემ (ძვ. წ. V ს.) გადაამუშავა ძვ. ბერძნ. თქმულებები და შექმნა ტრაგედია „მედეა“, რ-მაც ძირითადად განსაზღვრა მ-ს სახე მთელი შემდგომი პერიოდისათვის. მ-ს და არგონავტების თემა შუა საუკუნეების ევროპაშიც დიდ ინტერესს იწვევდა. ამ ეპოქის ევრ. მწერლობაში მ. წარმოდგენილია არა შურისმაძიებელ ძლიერ პიროვნებად, არამედ სიყვარულისათვის ტანჯულ ქალად. მ. ა. წერეთლის ამავე სახელწოდების დრამ. პოემის გმირია. არსებობს მოსაზრება ტერმინ „მედიცინის“ მ-ს სახელიდან მომდინარეობის შესახებ.

ლიტ.: გორდეზიანი რ., არგონავტები, თბ., 1999; ლორთქიფანიძე ო., არგონავტიკა და ძველი კოლხეთი, თბ., 1986; ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964; ფიფია ნ., მედეას სახე შუა საუკუნეების და რენესანსის ეპოქის ინგლისურენოვან მწერლობაში, „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2016, ტ. 10; შენგელია რ., მედიცინის ისტორია და ზოგადი თეორია, თბ., 2012; თეიმურაზ ბატონიშვილი ისტორია დაწყებითაგან ივერიისა, სპბ, 1848.