მედვედევი იაკობ სერგის ძე

მედვედევი იაკობ სერგის ძე (1848–1923, თბილისი), რუსი ბოტანიკოსი, დენდროლოგი, მეტყევე, კავკასიის ფლორის მკვლევარი, საიდუმლო მრჩეველი. დაამთავრა პეტერბურგის მიწათმოქმედების ინ-ტი (1869). მუშაობდა კავკასიაში მეტყევედ, შემდეგ მიწათმოქმედების სამინისტროს უფლებამოსილ პირად. დაინიშნა კონსულტანტად თბილ. ბოტანიკურ ბაღში (1915). იყო კავკ. მეფისნაცვალთან არსებული საბჭოს წევრი, შემდგომში – ამიერკავკ. სტატისტიკის კომიტეტის თავ-რის მოადგილე. თავის მონოგრაფიაში „კავკასიის ხეები და ბუჩქები“ („Деревья и кустарники Кавказа“, 1883) აღწერა 300-ზე მეტი მცენარე, მათი მორფოლოგიურ-სისტემატური და ეკოლოგიური დახასიათება, გავრცელება და სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობა. შეიმუშავა მეთოდი, რ-ის მეშვეობით დგინდება მცენარეთა სინათლისკენ მიდრეკილება სიმაღლესთან შეფარდებით, შეადგინა მცენარეთა ლანდშაფტზე დაფუძნებული კავკასიის ბოტან. დარაიონების სქემა.

თხზ.: Растительность Кавказа: опыт ботанической географии Кавказского перешейка. – Тфл., 1915.