არაგვის საერისთავო, სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში, რ-საც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროთი – ერისთავთ-ერისთავი). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და მდ. თერგის სათავეებში (ხევი, თრუსო, ხადა, გარეშემო, მრევლი, ცხავატი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალი და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი ანანურს ქვემოთ სოფ. მისაქციელამდე). მოსახლეობა – დაახლ. 3300 კომლი (1770). ჩვენთვის ცნობილი პირველი ერისთავები არიან შაბურისძეები (XIII ს-იდან), რ-ებიც მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ სახელოს. დაახლ. XV ს. შუა წლებიდან ა. ს. ფაქტობრივად ერისთავების მამულად ანუ სათავადოდ იქცა (თუმცა ცენტრ. ხელისუფლება მათ მაინც მოხელედ თვლიდა). XVI ს-ში ვანათელმა აზნაურმა (პატარა ლიახვის ხეობიდან) ქსნის ერისთავთა დახმარებით ამოწყვიტა არაგვის ერისთავები და თვითონ დაეპატრონა საერისთავოს. ამიერიდან ერისთავი მათ გვარად იქცა. ერისთავთა რეზიდენცია იყო დუშეთი და სიონი, მთავარი ციხე – ანანური, საძვალე და საგვარეულო მონასტერი – ბოდორნა.
ა. ს-ს სოც. სტრუქტურა XV ს-მდე ასეთი იყო: დიდებული, აზნაური, ჰეროვანი, მსახური, გლეხი, XV ს-იდან (ე. ი. სათავადოთა წარმოშობის დროიდან) კი – თავადი, აზნაური, მსახური, მებეგრე გლეხი. XV ს-მდე ერისთავს ქვეყნის მართვაში ცენტრ. ხელისუფლების მიერ დანიშნული მოხელეები – განმგებელი, ხევისთავი, ხევისბერი, ციხისთავი, მამასახლისი და სხვ. – ეხმარებოდნენ, შემდეგ კი – მისი საკუთარი მოხელეები: სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი, ბაზიერთუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი და სხვ.
ა. ს-ს ბარის ზოლში („მისაქციელიდან ანანურამდე“) სოფ. მეურნ. დარგებიდან წამყვანი იყო მარცვლეული კულტურები და მებაღეობა-მევენახეობა. მთის ზოლში (ანანურიდან დარიალამდე) კი –– მეცხოველეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა (უდუმო, კუდიანი ცხვარი). შინამრეწვ. დარგებიდან განვითარებული იყო ყველის დამზადება, შალის ქსოვა, ქეჩის, ტყაპუჭის დამზადება და სხვ. ვაჭრობა-მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მცირე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები იყო დუშეთი, ანანური, ჟინვალი. ა. ს-ზე გადიოდა საქართველოს ჩრდილოეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა (გვიანდ. საქართველოს სამხედრო გზა).
ა. ს. საქართვ პოლიტ. ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს-ში, როცა ნუგზარ, ზურაბ და ზაალ ერისთავები თავგამოდებით იბრძოდნენ, ერთი მხრით, სრული პოლიტ. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და, მეორე მხრით, ფშავ-ხევსურეთისა და ერწო-თიანეთის დასაპყრობად და დასაბეგრავად. ჯერ ზურაბმა (XVII ს. 20-იანი წწ.) და შემდეგ ზაალმა (50-იანი წწ.) დროებით დაიპყრეს კიდეც ერწო-თიანეთი. ამ ბრძოლებმა უდიდესი მსხვერპლი შეიწირა ორივე მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ, ერისთავებმა მაინც ვერ აიხდინეს საწადელი. ზაალ არაგვის ერისთავი 1660 ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1739 შანშე ქსნის ერისთავი, პირადი მტრობის გამო, ლეკთა ჯარის დახმარებით თავს დაესხა ანანურის ციხესიმაგრეს, ბრძოლით აიღო იგი და ბარძიმ არაგვის ერისთავი და მისი ზოგი სახლიკაცი ცოლშვილიანად ამოწყვიტა. 1743 აჯანყებულმა არაგველებმა მოკლეს ბეჟან არაგვის ერისთავი (იხ. არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742–46) და ა. ს. კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს გადასცეს. მან ა. ს. სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II-ის ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლისწულოდ მისცა. მისი სახელით ა. ს-ს ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა. გადარჩენილი ერისთავისშვილები ცოტა უფრო გვიან ერეკლე II-მ კახეთში გადაასახლა და იქ მისცა მცირე მამული. ვატანგ ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1756) ა. ს. ლევან ბატონიშვილის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1781) ვახტანგ (ალმას-ხან) ბატონიშვილს საუფლისწულო იყო, რ-იც ა. ს-ს განაგებდა 1803-მდე. ამ წელს ის რუსეთში გადაასახლეს, ა. ს. კი ანანურის მაზრის უფროსს დაექვემდებარა.
წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
გ. ჯამბურია