ანდრონიკაშვილი კირა გიორგის ასული

კ. ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი კირა გიორგის ასული (16.  XI.  1908, თბილისი, - 24.  II. 1960, იქვე), კინომსახიობი, რეჟისორი.  სწავლობდა თსუ-ის სოციალ.-ეკონ. ფაკ-ტის იურიდიულ  განყ-ბაზე, დაამთავრა-(1928), პარალელურად მუშაობდა საქართვ.  „სახკინმრეწვში“ მსახიობად,  მონაწილეობდა  ი.  პერესტიანის („სამი სიცოცხლე“, 1924; „ტარიელ მკლავაძის  მკვლელობის  საქმე“,  1925)  და  ვ. ბარსკის („მეცხრე ტალღა“, 1926) ფილმებში.  სამსახიობო  კარიერის  გვირგვინად  იქცა მთავარი  როლი  ფილმში  „ელისო“  (რეჟ. ნ.  შენგელაია, 1928). შემდეგ სწავლა გააგრძელა ი. ზავადსკის თეატრ-სტუდიაში.  1929–31 იყო კინოსტუდია „ვოსტოკფილმის“ მსახიობი, მონაწილეობდა  ფილმებში:  „მიწას სწყურია“  (ჯამალა, რეჟ. ი.  რაიზმანი,  1929),  „ზელიმ-ხანი“  (ზელიმ-ხანის ცოლი, რეჟ. ო.  ფრელიხი,  1929),  „უდაბნო“  (აქტივისტი, რეჟ. ნ.  სანიშვილი, 1932). კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის  სარეჟისორო  ფაკ-ტის (ს. ეიზენშტეინის სახელოსნო, 1936) დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კინოსტუდია „სოიუზდეტფილმში“. სტალინური  რეპრესიების დროს, როგორც „ხალხის მტრად“ გამოცხადებული  მწერლის  _  ბ.  პილნიაკის  მეუღლე, გადაასახლეს  აკმოლინსკში,  „სამშობლოს  მოღალატეთა  ცოლების  ბანაკში“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა „თბილისის კინოსტუდიაში“ რეჟისორის ასისტენტად, მეორე  რეჟისორად,  დუბლიაჟის  რეჟისორად.  როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: „შავ მთებში“ (სტეფანეს ცოლი, რეჟ.ნ. შენგელაია,  1941),  „ის  კიდევ  დაბრუნდება“  (დედა, რეჟ-ბი ნ. შენგელაია, დ. ანთაძე, 1943), „ჭირვეული მეზობლები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1945), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“, (ბანოვანი, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1958), „ზვიგენის კბილი“ (ალის დედა, რეჟ. შ. გედევანიშვილი, 1959, ალის დედა).

მ. კერესელიძე