ანდროპოვი იური ვლადიმერის ძე [2 (15). VI. 1914, სტანიცა ნაგუტსკაია, სტავროპოლის მხარე, – 9. II. 1984, მოსკოვი], პარტიული და საბჭ. სახელმწიფო მოღვაწე, სოციალ. შრომის გმირი (1974). არმიის გენერალი (1976), სკკპ წევრი 1939-იდან. 1936-იდან კომკავშირულ სამუშაოზე იყო, 1953 – 57 იყო სსრ კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრ. სრ-ში, 1957-იდან – სკკპ ცკ-ის განყ-ბის გამგე. 1962 – 67 და 1982 მაისიდან სკკპ ცკ-ის მდივანი. 1967 – 82 სსრკ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე, 1982 ნოემბრიდან სკკპ ცკ-ის გენ. მდივანი, ერთდროულად, 1983 ივნისიდან, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე, სსრკ თავდაცვის საბჭოს თავ-რე, 1961-იდან სკკპ ცკ-ის წევრი, 1967-იდან სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, ხოლო 1973-იდან – წევრი. 1982-იდან სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1982-იდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.