ახვლედიანი ვლადიმერ გრიგოლის ძე (22. II. 1924, თბილისი, – 4.IV. 1996, თბილისი). ენათმეცნიერ-არაბისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1987). დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სემიტოლოგიის განხრით (1946). გაიარა ასპირანტურა აკად. გ. წერეთლის ხელმძღვანელობით, იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნ. ინ-ტის სწავლული მდივანი (1950 – 60), აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის დირექტორის მოდგილე სამეცნ. დარგში (1960 – 74). 1947-იდან მუშაობს თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე. ავტორია შრომებისა არაბისტიკისა და სემიტური ენათმეცნ. სხვადასხვა დარგში; იკვლევს შუა აზიის არაბ. დიალექტებს, რ-თა შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არაბ. ენის სტრუქტურისა და ისტ. კვლევისათვის. აღსანიშნავია ა-ის მონოგრაფია ბუხარის არაბ. დიალექტზე, რ-იც ამ დიალექტის ფონოლოგიური და მორფოლ.სტრუქტურის სისტემური ანალიზის პირველი ცდაა. ა-ის კვლევით მუშაობაში დიდი ადგილი ეთმობა არაბ. გრამატ. აზროვნების ისტორიას, რასაც არაერთი შრომა მიუძღვნა. ა. წარმატებით მუშაობს აგრეთვე სემიტურ ენათა, პირველ რიგში არაბ. ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის პრობლემებზე (პროტოსემიტური და პროტოარაბული ფონოლოგიური სისტემების რეკონსტრუქციის საკითხები).
თხზ.: Фонетический трактат Авиценны, Тб., 1966; Арабское языкознание, კრ.: Очерки лингвистических учений, т. 2, М.-Л., 1981; Бухарский арабский диалект (Фонология и морфология), Тб., 1985.
კ. წერეთელი