ახვლედიანი ლომერ ბიძინას ძე (2. X. 1934, თბილისი, 11. II. 2022, იქვე), კინოოპერატორი. საქართვ. სახ. არტისტი (1984). დაღესტნის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1972). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის გეოლოგიის ფაკ-ტი (1958) და საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი (1974). 1961-იდან ოპერატორად მუშაობს კინოკონცერნ „ქართულ ფილმში“, დამდგმელი ოპერატორია მხატვრული ფილმებისა: „ქვევრი“ (რეჟ. ი. კვირიკაძე, 1970), „სამკაული სატრფოსათვის“ (1971), „მზე შემოდგომისა“ (1973), „აურზური სალხინეთში“ (1975), „ნატვრის ხე“ (1976; მთავარი პრიზი და დიპლომი რიგაში X საკავშ. კინოფესტივალზე, 1977; პრიზი „ოქროს ჯიხვი“ თეირანის VI საერთაშ. კინოფესტივალზე, 1977; პრემია დონატელოს „დავითი“ იტალიაში საერთაშ. კინოკონკურსზე, 1979; რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1973; კინოპრესის საერთაშ. ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტიკული ფილმების საერთაშ. კინოფესტივლზე, 1983), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977; ი. სხირტლაძესთან ერთად, პრიზი და დიპლომი საუკეთესო სახვითი გადაწყვეტისათვის კაიროს III საერთაშ. კინოფესტივალზე, 1978), „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (1980; ლენინური პრემია, 1986), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი“ (1988), „ბესამე“ (1989), „ექსპრეს-ინფორმაცია“ (1991) და სხვ. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: „სვანური ჩანახატები“ (1965), „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ (1972), „შექსპირის სამშობლოში“ (1980) და სხვ. როგორც რეჟისორმა და ოპერატორმა გადაიღო ფილმები: „სერვანტინო“ (1978), „ფესტივალი კონფოლანში“ (1979), „აღიარება“ (1982) და სხვ. ა-ის ყველა ნამუშევარი ორიგინ. და ავტორისეული ხელწერის მქონე ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოებია.
ა. გვენცაძე