ახვლედიანი პლატონ მიხეილის ძე (4. I. 1916, თელავი, - 18. VIII. 1981, იქვე), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1950). სცენაზე პირველად გამოვიდა 1933 თელავის სახელმწ. თეატრში (კ. კალაძის „ხატიჯეში“, შეასრულა მუშის როლი). მსახიობად მუშაობდა ქუთ. (1934 – 35), ჭიათურის (1935 – 38), თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრებში. 1960-იდან ა. კვლავ თელავის თეატრის მსახიობი იყო. წარმატებით ასრულებდა როგორც სახასიათო, ისე დრამ. ხასიათის როლებს: კაკუტა, ხარიტონი (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“), ონისე (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა“, ა. ყაზბეგის მიხედვით), ჯემალი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), კასიო (უ. შექსპირის „ოტელო“, ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“) და სხვ.
შ. ცუცქირიძე