ავალიშვილები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVI სს-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ა-ის სათავადო – საავალიშვილო, რ-ის ცენტრი სოფ. სადგერი იყო. 1535–45 სათავადო სამცხე-საათაბაგოსთან ერთად იმერეთის სამეფოში შედიოდა, 1545 – სამცხე-საათაბაგოში. XVI ს. 70–80-იან წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVI ს-ში ა-ს მამული ჰქონიათ ჯავახეთშიც, სადაც ქიშვად ავალიშვილმა ააგო კოთელიის წმინდა კვირიკეს საყდარი (ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპ.). XVIII ს-ში ა-ის ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა. საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში გადასული ა. ტაშისკარში, სურამში, არადეთში, ბრეთსა და აბისში დამკვიდრდნენ, კახეთში გადასულები – კაკაბეთში, კალაურში, თელავსა და ჩუმლაყში. იმერეთის ა. დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ.
თავად ა-ს ეკავათ მოურავების, ეშიკაღაბაშების, მეითრების, ეპისკოპოსებისა და სხვ. თანამდებობანი. ა-ის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ქიშვად ავალიშვილი მროველი (რუისის ეპისკოპოსი), რ-მაც თავი გამოიჩინა მარაბდის ბრძოლაში (1625), ბოდბელი და ალავერდელი არსენ ზაქარიას ძე ავალიშვილი (XVII ს.), გიორგი ავალიშვილი – ახალდაბის (ბორჯომის მუნიციპ.) მოურავი, ქაიხოსრო, ზაალ და პეტრე ა. (XVIII ს.); კახეთის ა-ის შთამომავალი იყო ცნობილი მწერალი, დრამატურგი, დიპლომატი და მოგზაური გიორგი ავალიშვილი.
მ. ქიქობაძე