აზმაიფარაშვილი ზურაბ ალექსანდრეს ძე (დ. 16. III. 1960, თბილისი), მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1988). სსრკ სპორტის ოსტატი (1978), საერთაშორისო ოსტატი (1984). დაამთავრა საქართველოს ფიზიკური Kკულტურის ინ-ტი (ჭადრაკის სპეციალიზაცია). მისი პირველი მწვრთნელი იყო შ. ინწკირველი. მსოფლიო ჩემპიონის გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩებში (1988, 1990, 1993). სსრკ ჩემპიონატში მოუგო მსოფლიოს იმდროინდელ ჩემპიონს ა. კარპოვს (1983). ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპების 5-გზის მონაწილე (1997, 1999–2001, 2004). საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი ლიდერი საჭადრაკო ოლიმპიადებზე (1992_ მანილა, 1994 _ მოსკოვი, 1996 _ ერევანი; 1998 _ ელისტა; 2000 _ სტამბული; 2002 _ ბლედი; 2004 _ კალვია); 1998 თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ვერცხლის მედალი: ათიდან _ რვა. პირველი საკონტინენტთაშორისო მატჩის (`ევროპა-აზია") მონაწილე და გამარჯვებული (2001); ფიდე-ს გრან-პრის გათამაშების მონაწილე (2002, დუბაი, მოსკოვი); ახალი საუკუნის მატჩის _ `რუსეთი _ მსოფლიო" მონაწილე და გამარჯვებული მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში (2002); ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1999, 2003, კლუბი `კისილიაკი"); ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (2003, პლოვდივი); მრავალი საერთაშ. ტურნირის (თბილისის, ბერლინის, ალბენის, ჰარარეს, ჰავანის, ამსტერდამის, ლონდონის, მოსკოვის და სხვ.) პრიზიორი და გამარჯვებული; საბერძნეთის საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და თასის მფლობელი (კლუბი `კიდონი"); საქართველოს ჭადრაკის ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი (2003, სტამბოლი); 2003 ა-ს რეიტინგმა ქართული ჭადრაკის სარეკორდო ნიშნულს (2700-ს) გადააჭარბა; აზერბაიჯანის ეროვნ. ნაკრების ხელმძღვანელი და კაპიტანი (2009–10), ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტნის რანგში (2009); სხვადასხვა წლებში წვრთნიდა: ი. პოლგარს (1995_97), ი. ბაკროს (1998-99), თ. რაჯაბოვს (2000_02). სინგაპურის ჭადრაკის აკადემიის საწვრთნელი პროგრამების მენეჯერი (2007_10); საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 1-ლი მოადგილე (2012_15); 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლმიპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავ-რე; ფიდეს აკადემიის სტატუსის მქონე თბილისის საერთაშ. აკადემიის დამფუძნებელი (2010). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1998–2000) და თანაპრეზიდენტი (2000–04), შავი ზღვის აუზის ქვეყნების საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი (1999–2004), ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი (2002). ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი (2014). მიღებული აქვს ფიდეს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდო „ბოტვინიკის ხე“ (2010), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (2003), ღირსების ორდენი (1996).
თხზ.: პატარა ქვეყნის დიდოსტატი _ The Grand Master of a little country (თანაავტორი), თბ., 2010.