აშოტ I დიდი, კურაპალატი

აშოტ კურაპალატი
ოპიზის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ბარელიეფი, IX ს. დასაწყისი

აშოტ I დიდი, კურაპალატი (გ. 29. I. 826, დოლისყანა), ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. IX ს. 20-იან წლებამდე ქართლის ერისმთავარი იყო. სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა გადასულიყო შავშეთ-კლარჯეთში, რ-იც პოლიტიკურად ბიზანტიას ეკუთვნოდა. ა. I ამ ადგილების მფლობელი და ბიზანტ. ვასალი გახდა, მიიღო ბიზანტ. სამეფო კარის კურაპალატის პატივი. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა ციხესიმაგრე არტანუჯი, მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტ. ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა, რის გამოც ქართლის ისტორიაში ამ ხანას პირობითად ტაო-კლარჯეთის ან ქართველთა სამეფოს პერიოდიც ეწოდება. ა. I მოკლეს შინაგამცემლებმა. მისმა შთამომავლებმა, რ-ებიც „ქართველთა მეფეებად“ იწოდებოდნენ, სათავე დაუდეს ბაგრატიონთა საქართველოს სამეფო დინასტიას.

წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ბადრიძე შ., „ქართველთა სამეფოს“ პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1965, ტ. 113; კეკელიძე კ., აშოტ დიდი კურაპალატის ქრონოლოგიისათვის, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 8, თბ., 1962; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

                                                                                                                                                შ. ბადრიძე