ალავერდი

ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში, ქსნის ხეობის სათავეში (ახალგორის მუნიციპალიტეტი), მდინარის მარცხ. მხარეს, მაღალი მთის წვერზე. შედარებით უკეთაა შემორჩენილი კოშკი და ეკლესია. კოშკი შიდა ქართლში გავრცელებულ ე. წ. ზურგიანი კოშკის ტიპს მიეკუთვნება. იგი სწორი პირით მდინარისკენაა მიქცეული. ხუთსართულიანი ნაგებობის სართულშორისი ხის გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი II სართულიდან აქვს. საერთო მონაცემებით IX – X სს. მიეკუთვნება. კოშკს აღმ-ით მიშენებული აქვს გეგმით სწორკუთხა ეკლესია, რ-იც იმავე ხანით თარიღდება. ეკლესია, ისევე როგორც კოშკი, ნაგებია ადგილ. ყორე ქვით და, ამ მიდამოების ძეგლთაგან განსხვავებით, ფასადები შემკულია სარკმლის სათაურებითა და ჯვრებით. კედლის წყობაში ჩართულია ცხენის თავის რელიეფური გამოსახულება. ეკლესიას სამხრ-ით ოთხკუთხა კარიბჭე აქვს მიშენებული.

ლიტ.: ზაქარაია პ., სიმაგრეთა ერთი უცნობი სახე, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1962, ტ. 23 B.                                                                                                                                                                                                                                                                                                       

     პ. ზაქარაია