ბარამიძე რევაზ გრიგოლის ძე (18. V. 1928, თბილისი, – 7. VIII. 2010, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1951). 1954-2008 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში, სადაც ხელმძღვანელობდა ძვ. ქართ. ლიტ-რის განყ-ბას. 1980-2000 იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, გორის, ცხინვალისა და თელავის პედ. ინ-ტებში, თბილ. კულტ. სახელმწ. უნ-ტში, თბილ. სას. აკადემიაში (1988-2008).
ბ-ის სამეცნ. ინტერესისა და კვლევის ძირითადი სფეროა ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ. საკვანძო საკითხები. ავტორია მონოგრაფიებისა: „იოანე ბოლნელი – ცხოვრება და შემოქმედება“ (1962), „ნარკვევები მხატვრული პროზის ისტორიიდან“ (1966), „ანტონ კათალიკოსი – "წყობილსიტყვაობა" (1972), „ქართული საისტორიო და ორატორული პროზა“ (1979), „არჩილ ბაგრატიონი“ (1983), „გიორგი მერჩულე – ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება“ (2003) და სხვ.
ბ. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის, რუსთაველის საზ-ბის, საზ. „მესხეთის“ წევრი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998) და ექვთიმე თაყაიშვილის დიდი მედლით.
თხზ.: ქართული საისტორიო პროზა, თბ., 1971; შუშანიკის წამება, თბ., 1977; ქართული მწერლობის შესწავლისათვის, თბ., 1986; ნარკვევები ქართული მწერლობის ისტორიიდან, თბ., 1990; ქართული პროზის საკითხები, თბ., 1995; წინ - ილიასაკენ: ეროვნული ცნობიერება, თბ., 2001; დავითიანში განფენილი ზოგიერთი პრობლემა, თბ., 2005; სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ზნეობრივი იდეალი, თბ., 2018.
ს. მეტრეველი