„ბრძოლა“, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს ყოველკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა პარიზში 1925 ივლ-იდან 1928 მოემბ.-დეკ-მდე. რედაქტორი – დავით შარაშიძე. სულ გამოიცა 35 ნომერი. ჟურნალი შეიცავს მნიშვნელოვან მასალას საქართველოს ს.-დ. პარტიის ისტორიის, საერთოდ ქართ. პოლიტიკური აზრის, პუბლიცისტიკის, აგრეთვე 1921 შემდეგ საქართველოსა და ემიგრაციაში არსებული ვითარების საკითხებზე. იბეჭდებოდა ნ. ჟორდანიას, ი. წერეთლის, კ. ჩხეიძის, ევგენი გეგეჭკორის, ნ. რამიშვილის, ა. ჩხენკელის და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკთა), აგრეთვე ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მთავრობის წევრთა წერილები. ჟურნალის საერთო მიმართულება მძაფრად კრიტიკული იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ბოლშევიკების სოც.-ეკონ. და პოლიტ. კურსის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა დათმობილი საქართველოს ანექსიისა და მისი შემდგომი ეპოქის კრიტიკას. „ბ-ში“ გამოქვეყნდა აგრეთვე მასალები, რ-ებშიც გადმოცემულია ევრ. სოციალ-დემოკრატთა (კარლ კაუცკის, პიერ რენოდელის და სხვ.) აზრი საქართველოს საკითხისა და საერთოდ რუსული ბოლშევიზმის შესახებ.
გ. ჟვანია