ბურბუთაშვილი თინათინ ვასილის ასული (24. VI. 1921, სოფ. მუხრანი, ახლანდ. მცხეთის რ-ნი,–18. V. 1978, თელავი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1974). დაამთავრა თბილ. კინომსახიობთა სკოლა (1943) და თელავის პედ. ინ-ტი (1972). 1943–49 იყო ხაშურის თეატრის 1949–78–თელავის სახელმწ. თეატრის მსახიობი. პარალელურად პედაგოგად მუშაობდა თელავის პედ. ინ-ტში. როლებიდან აღსანიშნავია: მედეა (ლ. სანიკიძის „მედეა“), ბეატრიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), მაია (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ოთარაანთ ქვრივი (გ. ბერძენიშვილის „ოთარაანთ ქვრივი“, ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ბერნარდა ალბა (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო“), ჯემა (ე. ვოინიჩის „კრაზანას“ მიხედვით), ამალია (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ნუნუ (ა. ყაზბეგის „მამის მკვლელი“), ხანუმა (ა. ცაგარლის „ხანუმა“), მარია (ვ. ჰიუგოს „მარია ტიუდორი“) და სხვ. ბ. გამოირჩეოდა გარდასახვის დიდი უნარით, მკვეთრი აქტიორული ინდივიდუალობით, დახვეწილი პლასტიკით, სცენური მომხიბვლელობითა და პროფესიონალიზმით. გადაღებულია ფილმებში: გურული გოგონა („მეგობრობა“, 1940), გოგონა („ჯურლაის ფარი“, 1944), ვაჟიას დედა („ამბავი ერთი ქალიშვილისა“, 1960), შეთეს დედა („ნატვრის ხე“, 1976) და სხვ.
ა. გვენცაძე